08 სექტემბერი 2024,   03:50
ვრცლად
Politico - ურსულა ფონ დერ ლაიენმა არ გაამხილა, რომ GOOGLE-ის წარმოებული 70 ათასი ევროს ღირებულების სარეკლამო კამპანიის უკან იდგა, რითაც ევროკავშირის წესები დაარღვია

ევროკომისიის პრეზიდენტმა არ გაამხილა, რომ GOOGLE-ის წარმოებული 70 ათასი ევროს ღირებულების სარეკლამო კამპანიის უკან იდგა, რითაც ევროკავშირის წესები დაარღვია, – ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა Politico წერს.

რეკლამას მთელ ევროპაში მილიონობით ნახვა აქვს GOOGLE-ის საძიებო სისტემასა და Youtube-ში. ვიდეორგოლები ფონ დერ ლაიენის ლიდერობის თვისებებსა და ევროკავშირის პროექტისადმი მის ერთგულებას ეხებოდა. თუმცა, ფონ დერ ლაიენის შესახებ არცერთ რეკლამაში არ იყო ნახსენები მისი საარჩევნო კამპანია ან მისივე "ევროპის სახალხო პარტია" ოფიციალურ შემსყიდველად GOOGLE-ის გამჭვირვალობის რეესტრში. ამის ნაცვლად, ფონ დერ ლაიენის საარჩევნო კამპანიის მხარდამჭერი პარტიულ ციფრულ გზავნილებზე პასუხისმგებელ ორგანიზაციად ნახსენები იყო პარიზში დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანია MCC AdQuality.

Politico-ს მიერ აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, "ევროპის სახალხო პარტიამ" რეკლამა GOOGLE-ის გამჭვირვალობის რეესტრში თავისი ხარჯების ჩამონათვალში მიუთითა. როგორც Politico წერს, რეკლამის შემსყიდველის შესახებ ინფორმაციის არგასაჯაროება უკანონო არ ყოფილა. თუმცა, ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა დაამტკიცა ახალი წესები ინტერნეტში პოლიტიკური კამპანიის გამჭვირვალობის გასაძლიერებლად, რაც მოიცავს პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების მხრიდან საჭიროებას, გაასაჯაროონ ინფორმაცია ნაყიდი ციფრული პარტიული გზავნილების შესახებ.

ფონ დერ ლაიენის ევროპის სახალხო პარტია ასევე არის ევროკავშირში დაგეგმილი არჩევნების წინ შემუშავებული ნებაყოფლობითი ქცევის კოდექსის ხელმომწერი, რომელიც გულისხმობს პოლიტიკური რეკლამისა და საარჩევნო კამპანიის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულებას, მათ შორის დაპირებას, არ განათავსონ პოლიტიკური რეკლამა ინტერნეტში სარეკლამო სააგენტოების მსგავსი შუამავლების გამოყენებით შესაბამისი აღნიშვნის გარეშე.

"ევროპის სახალხო პარტიის" გენერალურმა მდივანმა, თანასის ბაკოლასმა დაადასტურა, რომ AdQuality პასუხისმგებელი იყო, ევროპარლამენტის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პარტიის რეკლამის შეძენაზე.

"ევროპის სახალხო პარტია" როგორც ყველა პოლიტიკური პარტია, მოქმედებს მკაცრი წესებითა და რეგულაციით და ექვემდებარება მკაცრ აუდიტს ყველა ფინანსურ და სამართლებრივ პროცესებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა.

GOOGLE-ში კი გამოცემას განუცხადეს, რომ კომპანია რეკლამებთან დაკავშირებით საკითხს იძიებს. მარტის შუა რიცხვების შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტის მეორე ვადით დასაკავებლად კამპანიის დაწყება, MCC AdQuality GOOGLE-ის სერვისებში 17 რეკლამაზე ჯამში 69 300 ევრო დახარჯა.

დღის ამბები