26 ივნისი 2024,   15:19
ვრცლად
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა - დაკავებულია ერთი პირი

საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა. უწყების მიერ დაკავებულია ერთი პირი, ხოლო ორ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 210-ე და 180-მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი, ხოლო ორ პირს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ყალბი უცხოენოვანი მინდობილობებისა და ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებების გამოყენებით, უკანონოდ დაეუფლნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ ქ. თბილისში მდებარე დაახლოებით 1480,000 ლარის ღირებულების ორ კომერციულ ფართსა და სამ საცხოვრებელ ბინას. ასევე, შეეცადნენ ამავე გზით დაუფლებოდნენ ქ. თბილისში მდებარე ორ კომერციულ ფართს, ღირებულებით დაახლოებით 245 000 ლარი.

გამოძიების პროცესში, მოტყუებით დაუფლებული უძრავი ქონებები დაყადაღებულ იქნა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 210-ე და 180-მუხლებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები