"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში. მაჭარაშვილი ასევე აცხადებს, რომ ლუსტრირებული ჯაშუშების დაუსჯელად დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე მძიმედ აისახება.
"საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ამგვარი სასამართლო პროცესის გამართვას ალტერნატივა არ აქვს. პროცესები კი უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პროცესად, რომ მომავალში ჯაშუშობაზე ხელის მოწერის ცდუნება აღარასოდეს აღარავის გაუჩნდეს", - წერს გურამ მაჭარაშვილი.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტის ქეთი ჩუთლაშვილის განმარტებით, მაჭარაშვილის ეს განცხადება სრულიად დაუსაბუთებელია და ყოველგვარ სამართლებრივ რეალობას აცდენილია, რადგან ჯაშუშობის ბრალდებით საპროტესტო აქციების მონაწილეების გასამართლება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ფიზიკურად შეუძლებელია.
"გურამ მაჭარაშვილის ეს განცხადება სრულიად დაუსაბუთებელია და ყოველგვარ სამართლებრივ რეალობას აცდენილია. ჯაშუშობის ბრალდებით საპროტესტო აქციების მონაწილეების გასამართლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ფიზიკურად შეუძლებელია. ამ "რუსული კანონის" რეალური მიზანი, სწორედ რეპრესიებია კონკრეტული სექტორის და ადამიანების მიმართ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მსგავსი რეალობის წინაშე საქართველო არ აღმოჩნდება", - განაცხადა "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტმა ქეთი ჩუთლაშვილმა.