თავდასხმა შაჰედის დრონებითა და რაკეტებით - უკრაინაში ომი გრძელდება. 25 დრონიდან უკრაინელმა სამხედროებმა 24 გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია საჰაერო ძალების მეთაურზე დაყრდნობით ავრცელებს.
პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი შეხვედრებს მართავს. ვოლოდიმირ ზელენსკი სინგაპურში, აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, მხარეებმა უკრაინის თავდაცვითი საჭიროებები განიხილეს. ზელენსკიმ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა კონგრესის მიერ მიღებული სამხედრო დახმარების პაკეტის გადამწყვეტ მნიშვნელობას და მადლიერება გამოხატა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის, დაეშვა ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე შეზღუდული დარტყმების განხორციელება, რათა ეფექტურად შეეწინააღმდეგონ რუსეთის მცდელობებს, გააფართოოს საბრძოლო ზონა.
"ჩვენ დავამტკიცეთ, რომ დიპლომატია ახლა წყვეტს საკითხებს, რომლებსაც ევროპა ათწლეულების განმავლობაში ვერ წყვეტდა. კერძოდ, ჩვენ გადავდგით რეალური ნაბიჯები უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და უკრაინა აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ჩვენ მადლობას ვუხდით ყველას მსოფლიოში, ვინც გვეხმარება საჰაერო თავდაცვის სისტემებით, ხალხის სიცოცხლის გადარჩენაში. სამიტში მონაწილეობა 100-ზე მეტმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა. დღეს სამიტზე განიხილება სამშვიდობო ფორმულის სამი პუნქტი: ბირთვული უსაფრთხოება, სასურსათო უსაფრთხოება, სამხედრო ტყვეების გათავისუფლება და, რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვები,"-განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.