27 ივნისი 2024,   00:02
ვრცლად
როგორია მარნეულის ახალი, 2000 გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს

მარნეულის საფეხბურთო კლუბ “ალგეთის“ გუნდებმა თანამედროვე სტანდარტებით აშენებული სტადიონის შესაძლებლობები პირველებმა გამოცადეს. რეგიონის 10-დან 20 წლამდე ნაკრების ფეხბურთელებმა დღეიდან უკვე ჩემპიონატისთვის მზადებაც დაიწყეს. “უეფას“ მე-2 კატეგორიის სტანდარტის საფეხბურთო მოედანი სპორტსმენებს საუკეთესო სპორტულ პირობებს სთავაზობს.

მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონი დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად გახსნა. ირაკლი კობახიძემ, რეგიონში სპორტის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას.

ოფიციალური ღონისძიების შემდეგ, პრემიერმა მარნეულის ახალგაზრდა საფეხბურთო კლუბის სპორტსმენები პირადად გაიცნო და “ალგეთის“ სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის გუნდებთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.

მანამდე, პრემიერ-მინისტრმა ახალი სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტი და შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა. სტადიონის კომპლექსი მოიცავს ყველა აუცილებელ სივრცეს: გასახდელებს, საშხაპეებს, სწრაფი კვებისა და სხვა სამეურნეო ტექნიკურ სათავსოებს. სტადიონი აღჭურვილია თანამედროვე სახანძრო სისტემით და სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის, გათბობა-კონდიცირების, ვენტილაციის, განათების სისტემებისა და კედლების თბოიზოლაციით.

ახალი საფეხბურთო სპორტული კომპლექსი, დაახლოებით, 8 000 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზეა მოწყობილი. სტადიონზე აშენდა 2000 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა, დამონტაჟდა განათებისა და გახმოვანების სისტემები.

ახალი სტადიონის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ 200 ათასი ლარით დაფინანსდა.

საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე 11 სტადიონის მშენებლობა/რეაბილიტაცია განახორციელა.

დღის ამბები