ევროკავშირი განიხილავს "ყველა ვერსიას", რომელიც შეიძლება საქართველოს მიმართ გამოიყენონ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ- განცხადება პაველ ჰერჩინსკიმ ონლაინ მედია პლატფორმა მუვმენთთან ინტერვიუში გააკეთა. ევროკავშირის ელჩი დარწმუნებულია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც ერთ-ერთი განსახილველი ვარიანტი იქნება. დიპლომატის განმარტებით, ექვსი თვით ვიზა ფრის შეჩერებას წევრი ქვეყნების ხმების კვალიფიციური უმრავლესობის ნახევარზე ცოტა მეტი სჭირდება.
"ჩვენ შევთანხმდით ვიზალიბერალიზაციაზე საქართველოსთან, მაგრამ გარკვეული პირობების დაცვით. ახლა კი, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, ეს პირობები გადაიხედება. ექვსი თვით მის შეჩერებას წევრი ქვეყნების ხმების კვალიფიციური უმრავლესობის ნახევარზე ცოტა მეტი სჭირდება; არა ყველა წევრის, არამედ უმრავლესობის ხმა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთ-ერთი განსახილველი ვარიანტი იქნება. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩემი პრობლემა, როგორც ევროკავშირის ელჩის, არის ის, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, მოქალაქეები იზარალებენ, რადგან ისინი უკვე მრავალი წელია სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლის პირობებით. ხალხს მძიმე ფასის გადახდა მოუწევს. ეს კი ნამდვილად არ არის ევროკავშირის მიზანი. ეს ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების მისაღებია მომდევნო კვირებში,"- აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.