17 აგვისტო 2026,   20:07
ვრცლად
საქალაქო სასამართლო ტერორიზმის საქმეზე დაკავებული ორი პირის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

საქალაქო სასამართლოში ტერორიზმის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს.

გამოძიება ორ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას ედავება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბათუმში ორი სპეცოპერაცია ჩაატარა - ამოიღო ავტომატი, პისტოლეტები, ხელყუმბარები და ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშები.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის გიორგი ჭოჭუას განცხადებით, სასამართლოს შუამდგომლობას წარუდგენს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლონ.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის მცირე მეწარმე, რომლის საქმიანობის სფეროს ბათუმის ერთ - ერთი ბაზარში პროდუქტების ვაჭრობა წარმოადგენს. ჩემი შუამდგომლობა იქნება გირაოს მოთხოვნა, ვინაიდან სასამართლოს სრული უფლება აქვს, აღკვეთის ღონისძიების სახით, გამოიყენოს გირაო. ასევე, შეუძლია დააკისროს კანონით გათვალისწინებული დამატებითი ვალდებულებები", - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჭოჭუამ.

პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარე აღმკვეთი ღონისძიების სახით, ორივე დაკავებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

"პროკურატურას ორივე ბრალდებულის მიმართ მოთხოვნილი აქვს პატიმრობის გამოყენება. მოცემულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ტერორიზმის დანაშაულზე. შესაბამისად, ამ კუთხითაც გაგრძელდება გამოძიება და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება", - განაცხადა პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა.

დღის ამბები