18 ივნისი 2024,   15:57
ვრცლად
98 დაკავებული და 101დაშავებული - ერევანში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება

ერევანში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციებზე დღესაც ხალხმრავლობაა. მოთხოვნა უცვლელია - "გადადგეს ფაშინიანი". მიუხედავად იმისა, რომ ბაგრამიანის პროსპექტზე შეკრებილებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება დღესაც იყო, გუშინდელი დღე მაინც დასამახსოვრებლად დაძაბული გამოდგა.

აკუსტიკური იარაღი, ცრემლსადენი გაზი და ხმოვან-მანათობელი ყუმბარები სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ მაშინ გამოიყენეს, როდესაც გზის გადაკეტვის პარალელურად, მათ პარლამენტის შენობის საპოლიციო კორდონის გარღვევა სცადეს. კანონმდებლები ამ დროს სომხეთის პრემიერს უსმენდნენ. შედეგად გუშინდელი დღე 101 დაშავებულით და 98 დაკავებულით დასრულდა, მათ შორის იყო 17 პოლიციელი.

სომხეთში ანტისამთავრობო აქციები მაისიდან მიმდინარეობს, რადგან ერევანსა და ბაქოს შორის არსებული სასაზღვრო შეთანხმების საფუძველზე - აზერბაიჯანმა სომხური ტავუშის რაიონის მოსაზღვრე 4 სოფელი სწორედ ამ დროს დაიბრუნა. ამან ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. დემონსტრანტებს არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ხელმძღვანელობს.

საკანონმდებლო ორგანოში ორდღიანი გამოსვლებისას, თავად ფაშინიანმა რამდენიმე საინტერესო საკითხი გააჟღერა: თქვა, რომ სომხეთის შემდგომი ნაბიჯი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლა იქნება და რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებისთვის მზადაა, თუმცა არა ბაქოს პირობით, რომელიც სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებას გულისხმობს. ეს ერევნისთვის შიდა საქმეებში ჩარევად აღიქმება.

რუსეთში ე.წ. ოდეკაბედან სომხეთის გასვლას ფრთხილი კომენტარებით შეხვდნენ და თქვეს, რომ გაერკვევიან. უკვე ცნობილია, რომ ორმაგი პოზიციებისა და ომში აზერბაიჯანის მხარდაჭერის გამო სომხეთის პრემიერი აღარც ბელარუსში აპირებს აღარასდროს ჩასვლას, ვიდრე იქ ალექსანდრ ლუკაშენკო დახვდება. ამის გამო მინსკმა სომხეთის ელჩი თავისთან დაიბარა და დროებით საკუთარიც სამშობლოში გაიწვია. დასავლეთი კი ერევანსა და ბაქოს შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება. ახლა მათი მთავარი მოწოდება მხარეების მიმართ ისაა, რომ დროულად იმოქმედონ, რათა პირველად გაჩენილი ისტორიული შანსი - ცენტრალური აზიიდან ხმელთაშუა ზღვამდე სავაჭრო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, ხელიდან არ გაუშვან.

დღის ამბები