18 ივნისი 2024,   16:00
ვრცლად
გუბაზ სანიკიძის მუქარა, დაანონსებული საკადრო წმენდა და დასჯა სამართალდამცავ უწყებებში, საჯარო სექტორსა და "ქართულ ოცნებაში" - როგორ აფასებს მის განცხადებებს პოლიტიკური სპექტრი

წმენდა სამართალდამცავ უწყებებსა და საჯარო სექტორში, ქონების კონფისკაცია და დასჯა - ასე გამოიყურება გუბაზ სანიკიძის წინასაარჩევნო დაპირება, რომლის შესახებაც დეპუტატმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ღიად ისაუბრა. "ნაციონალური მოძრაობის" სიით მეათე მოწვევის პარლამენტში მოხვედრილმა სანიკიძემ, საჯარო სექტორის გარდა მუქარა მმართველ პარტიასაც გაუგზავნა.

პერსონალურად ოპოზიციონერის მხრიდან მუქარას არასერიოზულს, განცხადების ზოგად შინაარსს კი საყურადღებოს უწოდებს მმართველი გუნდი. სახელისუფლებო პარტია გუბაზ სანიკიძის სიტყვების უკან "ნაციონალურ მოძრაობას" და რევანშის სურვილს ხედავს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ნაცმოძრაობის იდეურ მოკავშირეებს საკადრის პასუხს საზოგადოება ოქტომბერში კიდევ ერთხელ გასცემს.

თავად გუბაზ სანიკიძე კამერებთან დღეს აღარ გამოჩენილა. მის განცხადებაზე კომენტარი არც "ნაციონალურ მოძრაობაში" ისურვეს. სანიკიძის განცხადებისგან ფორმით განსხვავებული, მაგრამ შინაარსით იდენტური იყო ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის კომენტარი. ხელისუფლების ოპონენტები არ მალავენ, რომ დიდი საკადრო და სამართლებრივი წმენდა მათი პოსტსაარჩევნო მიზანია.

კოლეგებისგან განსხვავებული და გუბაზ სანიკიძის მიმართ კრიტიკული პოზიცია, დღეს, მხოლოდ "გირჩს" და გიორგი გახარიას თანაგუნდელებს ჰქონდათ.

გუბაზ სანიკიძე ოპოზიციის სახეა საპარლამენტო უმრავლესობისთვის. კანონმდებლებს არ უკვირთ, რომ მის იდეას ხელისუფლების ოპონენტებს შორის დღეს არაერთი გამზიარებელი ჰყავდა. დეპუტატების თქმით, სანიკიძის თანამოაზრეებს რეპრესიებისთვის რესურსი არ ყოფნით და ხალხის დასასჯელად ოპოზიციიდანაც კი მზად არიან.

საპარლამენტო არჩევნებამდე 4 თვით ადრე, პოლიტიკოსების დიდმა ნაწილმა საკუთარი ხედვებისა და გეგმების საზოგადოებისთვის გაცნობა უკვე დაიწყო. დაპირებული მუქარის შესასრულებლად გუბაზ სანიკიძეს ჯერ რომელიმე პარტიულ სიაში მოხვედრა, შემდეგ კი არჩევნებში გამარჯვება სჭირდება.

 

დღის ამბები