26 ივნისი 2024,   15:24
ვრცლად
გიორგი გახარიას მიმართ არსებობს კრიტიკული შეკითხვები, რომელზეც სამწუხაროდ პასუხი არ გაცემულა - ირაკლი კუპრაძე

პოლიტიკური დისკუსიის თემაა ბადრი ჯაფარიძის განცხადება, რომელმაც ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში, თქვა რომ არ ემხრობა არჩევნებამდე ოპოზიციის ისეთ გაერთიანებას, რომელიც ელექტორატს დააშინებს. ამ კონტექსტში ჯაფარიძემ “ნაციონალურ მოძრაობაზე“ მიანიშნა, თუმცა არჩევნების შემდეგ, მისი თქმით, კოალიციის პრობლემა არ იქნება.

“ლელო“ თანამშრომლობას არ გამორიცხავს გიორგი გახარიას გუნდთანაც, სადაც აცხადებენ, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს სწორედ ხაზარაძის პარტია დგას.

“ლელოს“ გენერალური მდივნის განცხადებით, ისინი აფასებენ გახარიას გუნდის წევრებს, თუმცა თავად გახარიამ საზოგადოების ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი.

“საზოგადოებას აქვს შეკითხვები პერსონალურად გიორგი გახარიას მიმართ. ჩვენ ვაფასებთ მის გუნდში არსებულ ადამიანებს, პერსონებს და მათ პროფესიონალიზმს, თუმცა, გიორგი გახარიას მიმართ არსებობს კრიტიკული შეკითხვები, რომელზეც სამწუხაროდ პასუხი არ გაცემულა.

ჩვენ ვსაუბრობთ არა პოსტსაარჩევნო მოცემულობაზე, არამედ წინასაარჩევნო მოცემულობაზე. წინასაარჩევნო მოცემულობა არის მნიშვნელოვანი და ჩვენი პოზიციები ყოველთვის იყო ცალსახა - რა იქნება არჩევნების შემდეგ, გადალახავს თუ არა ბარიერს რიგი ოპოზიციური პარტიები, ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების შემდგომ ვნახავთ,“ - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

რაც შეეხება გამოხმაურებებს აღნიშნულ საკითხზე დანარჩენ პარტიაში, “გირჩში“ ამბობენ, რომ სწორი იქნება თუ გაერთიანდებიან “ლელო“ გახარიას პარტია, რადგან შეწყდება ყველაზე დრამატული დისკუსია პოლიტიკურ ველზე - პენსია 1000 ლარი უნდა იყოს თუ 900.

დღის ამბები