26 ივნისი 2024,   18:00
ვრცლად
პარტია "ლელო" გახარიას ყველაზე მისაღები პოლიტიკური პარტნიორი ხდება - როგორი იქნება წინასაარჩევნოდ პოლიტიკური გადაჯგუფებები

ბრალდება ანაკლიის პორტის გაჩერებაზე, ეპითეტი "თვალთხარია", მუქარის წერილი, ყოფილი ბანკირების თაღლითებად და საინვესტიციო ვალდებულებების დამრღვევებად გამოცხადება - პოლიტიკური დაპირისპირების ამ ფორმიდან, გახარიასა და ხაზარაძის გუნდები სავარაუდო თანამშრომლობის ეტაპზე გადადიან. ექსპრემიერი მომავალ პარტნიორსა და თანამოაზრეს ოპოზიციიდან სწორედ "ლელოში" ხედავს, მისი თანაგუნდელების მიმართ სიმპათიებს არც ყოფილი ბანკირების პარტიაში უარყოფენ. სახელისუფლებო გუნდის ლიდერებს დღეს ოპონენტების სავარაუდო პოლიტიკური გარდასახვა არ გაჰკვირვებიათ.

პოლიტიკური კომპლიმენტების გაცვლას, დღეს, არ მორიდებიან პარტია "საქართველოსა" და "ლელოში". ორივე ძალაში ამბობენ, რომ ღირებულებითი კუთხით ბევრი გადაკვეთის წერტილი აქვთ. ხაზარაძის გუნდს კითხვები ახლა მხოლოდ გახარიას მიმართ აქვს, თუმცა ამის მიუხედავად პარტია პოსტ-საარჩევნოდ ყველა სცენარს განიხილავს.

კიდევ ერთი საკითხი, სადაც "საქართველოსთვის" და "ლელო" იდენტურად პოზიციონირებს, ერთიანი საარჩევნო სიაა. პარტიები ელექტორატისთვის რამდენიმე ოპოზიციური არჩევანის შესაძლებლობას უჭერენ მხარს. "ლელოში" ამბობენ, რომ ამ ფორმით იმ მოქალაქეების ხმები არ დაიკარგება, ვისთვისაც "ნაცმოძრაობა" წითელი ხაზია. თუმცა, არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, "ლელოც" მთავრობის დაკომპლექტების პროცესს სწორედ "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ყველა კვალიფიციურ სუბიექტთან ერთად ხედავს.

ერთიანი ოპოზიციური საარჩევნო სიის იდეას კვლავ აქტიურად ლობირებს "ნაციონალური მოძრაობა". განსხვავებულია "გირჩის" პოზიცია, სადაც ამბობენ, რომ კოლეგა ოპოზიციონერები პოლიტიკური იდეისგან აბსოლუტურად სტერილური არიან.

"ნაცმოძრაობისგან" დისტანცირების მცდელობა უშედეგო იქნება - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია. კანონმდებლების თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" იდეური დანამატებს მცდელობის მიუხედავად, არჩევნებზე წარმატების შანსი არ ექნებათ.

საპარლამენტო არჩევნებამდე 4 თვეა დარჩენილი. ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა, აქტიური საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. არაა გამორიცხული, რომ საზოგადოებამ, მალე, წარსულში მწვავედ დაპირისპირებული ძალების პოლიტიკური ერთობაც იხილოს.

დღის ამბები