28 სექტემბერი 2024,   03:41
ვრცლად
ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი არის მისი სასოწარკვეთილების ნიშანი - ენტონი ბლინკენი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი არის მისი სასოწარკვეთილების ნიშანი, რათა გააძლიეროს ურთიერთობები ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც შეუძლიათ, მხარი დაუჭირონ ომს უკრაინაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

“ჩრდილოეთ კორეა მნიშვნელოვან იარაღსა და სხვა საბრძოლო მასალას აწვდის რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად. ირანი აწვდის იარაღს, მათ შორის უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენებოდა.

ჩვენ ძალიან ვართ შეშფოთებული ჩინეთზე, არა იარაღის მიწოდების კუთხით, არამედ იმით, რომ მიაწოდონ რუსეთს ის, რაც თავდაცვის ინდუსტრიული ბაზების შენარჩუნებისთვის სჭირდება და თავად აწარმოოს უფრო მეტი ტანკი, იარაღი და რაკეტები“, – განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეფასებით, სწორედ ეს არის ის, რაც ომის გაგრძელებას ეხმარება. მისივე თქმით, ომის დასრულების სწრაფი გზაა, პუტინი გამოვიდეს ილუზიიდან, რომ შეუძლია, გაუძლოს უკრაინაში ომს. ასევე, ისიც, რომ საწვავი, რომელიც მას სჭირდება საბრძოლო მანქანისთვის, აღარ ექნება.

“ასე რომ, თუ ჩინეთი, რომელიც აცხადებს, რომ ომის დასრულების დიდი ინტერესი აქვს, ამას ნამდვილად გულისხმობს, ის შეწყვეტს ომის მანქანისთვის საწვავის მიწოდებას და ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვეძლება, რათა აღვკვეთოთ ისეთი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერა, როგორებიც ირანი და ჩრდილოეთ კორეა არიან“, – აღნიშნა ბლინკენმა.

დღის ამბები