28 სექტემბერი 2024,   08:42
ვრცლად
ნარკოდანაშაულის ფაქტზე დაკავებულია 27 პირი, მათგან 15 რეალიზატორია - ნარკოტიკების გამსაღებლების აყვანის მთავარი ეპიცენტრი კვლავ ფონიჭალაა

ფონიჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი ნარკოტიკებით ვაჭრობის ფაქტზე დააკავეს. რახილ ქამილოვი რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, აიყვანეს. ჩხრეკისას მას, სავარაუდოდ, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩნდა. ქამილოვი ახლა წინასწარ პატიმრობაშია. ის დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებული მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

რახილ ქამილოვი ერთ-ერთია იმ 27 პირს შორის, ვინც თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით აიყვანეს. საპოლიციო ღონისძიება ჩატარდა ლაგოდეხშიც. სოფელ კაბალში მცხოვრები ნათიკ ალიევი და შაჰინ ბაირამოვი ნარკოტიკებით ვაჭრობის ფაქტზე დააპატიმრეს.

ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა აჭარაშიც. ბათუმში მდებარე სასტუმრო "სითის" ერთ-ერთი ნომრიდან პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო. რეალიზაციის ბრალდებით, დაკავებულია ახალგაზრდა ქალი.

"ჰეროინი", "კოკაინი", "მორფინი", "მეტადონი", "მეტამფეტამინი", "ლირიკა" და "მარიხუანა" - ეს იმ ნარკოტიკების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ უწყება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ მკაცრ პოლიტიკას ახორციელებს, რაც სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი მუხლების უფრო გამკაცრებასაც გულისხმობს.

სპეცოპერაციის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში, სულ 27 პირი დააპატიმრეს, მათ შორის 15-ს ბრალი ნარკოტიკების რეალიზაციის მუხლით წარუდგინეს.

დღის ამბები