28 სექტემბერი 2024,   08:47
ვრცლად
თბილისის წყალმომარაგების სისტემა მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული - ქსელის აღდგენითი სამუშაოები 6 დღეში დასრულდება

წიწამურთან, მაგისტრალურ წყალსადენზე დაზიანების გამო, თბილისში მცხოვრები 58 000 აბონენტი, მეოთხე დღეა, სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. პრობლემის მოსაგვარებლად, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" თანამშრომლები ადგილზე 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. ამ დროისთვის, მეწყრულ ფერდობზე მეშვიდე ტერასა ეწყობა. დატერასების სამუშაოების პარალელურად, ადგილზე დაზიანებული მილის საძიებო სამუშაოებიც ხორციელდება. კომპანიაში განმარტავენ, რომ დედაქალაქის მასშტაბით წყლის სრული აღდგენა, სავარაუდოდ, 6 დღეში მოხერხდება.

აღდგენითი სამუშაოების დასრულებამდე კომპანია მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით აწვდის. სქემა ასეთია - 58 000 აბონენტი არეალებად დაიყო და დღის განმავლობაში წყლის მიწოდების ვადები სხვადასხვა დროით განისაზღვრა. სისტემის საგანგებო რეჟიმში ამუშავების შემდეგ შესაძლებელი გახდა წყალმომარაგების შეზღუდვის თავდაპირველი არეალის ორჯერ შემცირებაც.

რაც შეეხება ხარისხს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" განმარტავენ, რომ სათავე ნაგებობებზე სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ეროვნული რეგლამენტით დადგენილ ნორმებს სრულად შეესაბამება და უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც წყალმომარაგება შეზღუდული აქვთ, სასმელი წყლის მიწოდება ცისტერნების საშუალებით ხდება.

ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი მდინარე არაგვის ხეობაში მდებარეობს. GWP-ში აცხადებენ, რომ, კომპანიისგან დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ, ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება მოხდა, რამაც დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი წარმოქმნა, შედეგად კი მილი დაზიანდა და დედაქალაქის დიდი ნაწილი წყლის გარეშე დარჩა.

ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლებით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას, განადგურებასა და უკანონო ქმედებით გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს.

დღის ამბები