28 სექტემბერი 2024,   12:13
ვრცლად
"ხალხის ძალის" კრიტიკის ობიექტი გახდა აშშ-ის ახალი ელჩი - პარტიაში დანიგანის განცხადებას პასუხობენ

"ხალხის ძალა" შეერთებული შტატების ელჩის განცხადებას ეხმაურება. რობინ დანიგანმა რამდენიმე დღის წინ მმართველი ძალა ჩინეთთან პარტნიორობის გამო გააკრიტიკა და საქართველოსთვის გაწეული ამერიკული დახმარებაც შეახსენა. ელჩმა მმართველი გუნდის ქმედებების გამო არც პარტნიორობის გადახედვა გამორიცხა. დანიგანს რიტორიკა და სახელმწიფო დეპარტამენტის მიდგომები დღეს, ხალხის ძალის დეპუტატების მხრიდან მწვავე კრიტიკის წინაპირობად იქცა.

პარტიაში ელჩს საქართველოს მხრიდან მსოფლიო უსაფრთხოების კუთხით გაღებული კონტრიბუცია შეახსენეს. თქვეს ისიც, რომ შტატებმა 30 წლის განმავლობაში საქართველოში 4 მილიარდი დახარჯა, რომლის ძირითადი ნაწილიც ნაცმოძრაობის გაძლიერებას და წარსულში ხელისუფლებაში მოყვანას მოხმარდა. მოძრაობაში იმედი აქვთ, რომ ნოემბერში არჩეული ახალი ადმინისტრაცია დამოკიდებულებას შეცვლის.

ამერიკის ელჩმა განსაკუთრებული აქცენტი ანაკლიის ახალ ინვესტორზეც გააკეთა.

დეპუტატებმა დღეს "ხალხის ძალიდან" სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩს შეახსენეს, რომ მისი ქვეყანა ყოველწლიურად ჩინეთთან ნახევარი ტრილიონი დოლარით ვაჭრობს. ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია ევროკავშირიც, რომლის ტვირთბრუნვაც ჩინეთთან 800 მილიარდს აჭარბებს. ამ ფონზე, დეპუტატებისთვის გაურკვეველია, რატომ ცდილობს ამერიკელი დიპლომატი ქართულ-ჩინური ეკონომიკური ურთიერთობების დემონიზებას.

ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მმართველი ძალის შტატების მიმართ არსებული კრიტიკული რიტორიკა, ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას ემსახურება. პოლიტიკოსების აზრით, თუ მიდგომები არ შეიცვალა, საქართველო ევროატლანტიკურ ორბიტას მკვეთრად დაშორდება.

ოპონენტების მოსაზრებას ანტისახელმწიფოებრივს, შტატების მიდგომებს კი უთანასწოროს უწოდებენ სახელისუფლებო გუნდში. "ქართულ ოცნებაში" სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკურ ეჭვიანობად მიიჩნევენ. "ქართული ოცნების" დეპუტატებმა, დღეს მეგობრებს პარტნიორული მიდგომებისკენ მოუწოდეს და თქვეს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო მომსახურების კუთხით არსებული შეზღუდვები ამ პროცესის ერთ-ერთი ნეგატიური მტკიცებულებაა.

მოძრაობა "ხალხის ძალამ" ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე არაერთი წერილი გამოაქვეყნა. "ქართული ოცნებისგან" გამოყოფილი პოლიტიკური ჯგუფი პარტნიორი ქვეყნისგან დამოკიდებულების შეცვლას უკვე მეორე წელია ითხოვს.

დღის ამბები