28 სექტემბერი 2024,   22:46
ვრცლად
მიუკერძოებელი ორგანიზაცია თუ ოპოზიციის ღია მხარდამჭერი - NDI-ის მიერ ქალი დეპუტატების რეგიონული ტურნეს დაფინანსება "ოცნებას" ეჭვებს უმყარებს

მმართველი გუნდი NDI-ის მიერ დაფინანსებულ პროექტს აკრიტიკებს. საუბარია ქალი დეპუტატების რეგიონული კამპანიის დაფინანსებაზე, სადაც პოლიტიკოსები აუდიტორიას არჩევნებში მონაწილეობასა და "გამჭვირვალობის კანონის" ნეგატიურ მხარეებზე ესაუბრებიან. სახელისუფლებო პარტია ორმაგ სტანდარტებზე ამახვილებს ყურადღებას. "ოცნებაში" ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის, როგორც მიუკერძოებელი დამკვირვებლის მიმართ, კითხვები აქვთ. ამბობენ, რომ ოპოზიციის საარჩევნო კამპანიის ღიად დაფინანსება, დონორის რეალურ ფუნქციას ცდება.

რა მიზნით აფინანსებს NDI პოლიტიკოსების შეხვედრებს მოსახლეობასთან არჩევნებამდე 4 თვით ადრე - ამ კითხვაზე პასუხი დღეს ორგანიზაციის ქართულ წარმომადგენლობაში არ ისურვეს. თქვეს მხოლოდ ის, რომ პროექტი მათი ფინანსური მხარდაჭერით მომავალშიც გაგრძელდება. სამომავლოდ, დემოკრატიული ინსტიტუტის ხარჯებით რეგიონებში შეხვედრების გამართვას კვლავ აპირებს თამარ კორძაია. დეპუტატი ამბობს, რომ, ამ ფორმით, დონორი ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებას უწყობს ხელს.

სახელისუფლებო პარტიის ბრალდებებს სპეკულაციურს უწოდებენ სხვა ქალი დეპუტატებიც. ამბობენ, რომ NDI პროექტებს მმართველ გუნდსაც უფინანსებს. საუბრები არჩევნებსა და "გამჭვირვალობის კანონზე" ოპოზიციონერებისთვის საარჩევნო კამპანიის ნაწილად არ ითვლება.

ოპონენტების მხრიდან NDI-ის დაფინანსების საარჩევნო მიზნით გამოყენება ორმხრივი პრობლემაა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის. მათი თქმით, პოლიტიკური კამპანიის ღია დაფინანსება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დონორების ნაწილი საკუთარ ფინანსებს არამიზნობრივად ანაწილებს, რაც ქვეყნის საარჩევნო პროცესში ჩარევის ღია მტკიცებულებაა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაფინანსებით, ქალმა დეპუტატებმა შეხვედრები რამდენიმე რეგიონში გამართეს. სავარაუდოდ, პოლიტიკოსები მალე, NDI-ის დაფინანსებით, შეხვედრებს კახეთში გამართავენ.

დღის ამბები