25 ივლისი 2024,   17:05
ვრცლად
შრომის შედეგად, საქართველო შავი ზღვის რეგიონში ლიდერ საზღვაო ქვეყნად ჩამოყალიბდა, იზრდება საერთაშორისო საზღვაო სანაოსნო ინდუსტრიაში საქართველოს სახელმწიფო დროშის ავტორიტეტიც - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დღემდე არაერთი ნაბიჯი გადადგა მეზღვაურების დაფასებისთვის, საზღვაო სფეროს განვითარებისა და გაძლიერებისთვის, საზღვაო სექტორის უფრო უსაფრთხო სამუშაო ადგილად ქცევისთვის.

"ქართველ მეზღვაურებს, ყველას, ვინც აქ ბრძანდებით და მათაც, ვინც დღეს შორეულ ნაოსნობაშია, გილოცავთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს. საერთაშორისო ნაოსნობა მსოფლიო ეკონომიკისთვის, ბუნებრივია, შეუცვლელ როლს ასრულებს; ასევე უნიკალურია ნაოსნობის და თითოეული მეზღვაურის როლი საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის, მთლიანად ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისათვის. ეს მისია განსაკუთრებით ცხადია დღეს, როდესაც ახალი გლობალური წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში ჩვენი ქვეყნის საკვანძო მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად იკვეთება; შუა დერეფანი – ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა დღეს საქართველოზე გადის; რეგიონის სტაბილურობისა და განვითარებისთვის ჩვენი ქვეყნის მზარდი სტრატეგიული მნიშვნელობა მკაფიოდ უსვამს ხაზს თქვენი პროფესიონალიზმის, თქვენი ყოველდღიური შრომის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამ შრომის შედეგად საქართველო შავი ზღვის რეგიონში ლიდერ საზღვაო ქვეყნად ჩამოყალიბდა; ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს 74 სხვა სახელმწიფოს დროშით მცურავ გემებზე ქართველ მეზღვაურთა რაოდენობა დღეისთვის 18 000-ს აჭარბებს და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. იზრდება საერთაშორისო საზღვაო სანაოსნო ინდუსტრიაში საქართველოს სახელმწიფო დროშის ავტორიტეტიც".

საქართველოს ხელისუფლებამ დღემდე არაერთი ნაბიჯი გადადგა მეზღვაურების დაფასებისთვის, საზღვაო სფეროს განვითარებისა და გაძლიერებისთვის, საზღვაო სექტორის უფრო უსაფრთხო სამუშაო ადგილად ქცევისთვის.

ეს პროცესი გრძელდება; სულ მალე, პირველი ივლისიდან ძალაში შევა კანონი "მეზღვაურთა შრომის შესახებ", რომლითაც კიდევ უფრო უკეთ დარეგულირდება მეზღვაურთა შრომით და სოციალურ პირობებთან, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, სახელმწიფო უფრო ეფექტურად შეძლებს, დაიცვას საქართველოს თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფო დროშით მცურავ გემებზე დასაქმებული ჩვენი მეზღვაურების უფლებები და ინტერესები. საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, მადლობას გიხდით თქვენი პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისათვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს და გისურვებთ შემდგომ წარმატებებს," – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, 25 ივნისს მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, ბათუმში, საზღვაო ნავსადგურზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ცერემონიაზე მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხვა წევრებმა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული სიმამაცისთვის საზღვაო პროფესიის წარმომადგენლები დააჯილდოვეს.

 

დღის ამბები