03 ივლისი 2024,   22:14
ვრცლად
4-ჯერ აჟღერებული ჰიმნი, 4-ჯერ აღმართული საქართველოს ეროვნული დროშა და ღირსების ტაში, ღირსეული ასპარეზობისთვის - "ჯვაროსნები" ქომაგებს წამითაც არ მიუტოვებიათ

4-ჯერ აჟღერებული ჰიმნი, 4-ჯერ აღმართული საქართველოს ეროვნული დროშა და ღირსების ტაში, ღირსეული ასპარეზობისთვის- ასეთი ჩვენი ქვეყნის დიდი ევროპული თავგადასავალი. 30 წლიანი ოცნება, რეალობად "ჯვაროსნებმა" აქციეს. დებიუტანტებმა პატარა საქართველოდან, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა და მსოფლიოს აღფრთოვანება შეძლეს.

კონტინენტის პირველობისთვის ბრძოლას, საქართველოს ეროვნული ნაკრები ისე ასრულებს, რომ ზუსტად იცის, 3 მილიონიან პატარა ერს, დიდი გულით ახლა მთელი მსოფლიო იცნობს. "ჯვაროსნები" ხომ ევროპის და არა მხოლოდ ევროპის აღმოჩენა გახდნენ.

კეთილი ზღაპრის ცალკე თავი გულშემატკივარია, მე-12 მოთამაშე, რომელიც დარწმუნებულია, რომ ამ ზღაპარს საუკეთესო დასასრული აქვს. ეროვნული ნაკრების ამ ფორმაში შემოსილი დიდი, თუ პატარა, ნაცნობი თუ უცნობი, ყველა ამაყია, იმდენად ამაყი, რომ ემოციებს წვიმაშიც ვერავინ მალავს.

მთელი ქვეყანა, 90 წუთის განმავლობაში სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს "ჯვაროსნების" თავდაუზოგავ ბრძოლას მოედანზე. თავგანწირვას, რომელსაც ქვეყნისთვის კიდევ უფრო დიდი წარმატების მოტანა სურდა, წარმატების, რომელიც ისტორიული უკვე გახდა და მთელი ერი გააერთიანა.

ჩვენმა ბიჭებმა რომ ყველაფერი შეძლეს, ამას არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო აღიარებს. დებიუტანტების სტატუსით, "ჯვაროსნებმა, საფეხბურთო ისტორიაში საკუთარი სახელები, ოქროს ასოებით ჩაწერეს. ერი კი ამ სენსაციამ ერთ მუშტად შეკრა. ყველამ დაიჯერა, რომ სასწაულები ხდება.

გზა სტადიონამდე ხმაურიანი იყო. "საქართველოს გაუმარჯოს" - ეს იყო ყველა გულანთებული გულშემატკივრის მთავარი სიტყვა, რომელიც EURO 2024-ის მერვედფინალის მასპინძელ ქალაქში დატოვეს.

დიდ ევროპულ ზღაპარში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, 30 წლიანი დაუსრულებელი ოცნების შემდეგ ვიმოგზაურეთ. საქართველო ევროპის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა, ამ დიდი გამარჯვების შემდეგ, "ჯვაროსნებმა" გულშემატკივრების მთელი არმია შეიძინეს. წაგების მიუხედავად, ჩვენ გამარჯვებულები ვართ! ეროვნულ ნაკრებს მადლობა გადაუხადეს ქვეყნის პირველმა პირებმა.

გერმანიაში, სტადიონზე მყოფი ბიჭების მაჯისცემას გრძნობდა საქართველოც. ისტორიული თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, მთელი ერი ქუჩაში, მხარდასაჭერად გამოვიდა. დაიკავეს დედაქალაქის 25 ათასიანი, მესხის არენა და ყველა სივრცე, სადაც დიდი საფეხბურთო წარმოდგენა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობდნენ რეგიონებშიც. აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი, ქართლი, კახეთი - ყველა დიდ ქალაქში ღია ცის ქვეშ დამონტაჟებულ დიდ მონიტორებთან, თავი მოიყარა, დიდმა თუ პატარამ - ყველამ, ვინც სენსაციური ასპარეზობით აღფრთოვანებული იყო.

ქართველი ფეხბურთელებით ამაყობს მთელი მსოფლიო. "ჯვაროსნების" წარმატებაზე, დიპლომატიური მისიები ერთმანეთის მიყოლებით წერენ. ჯერ იყო ევროკავშირის წარმომადგენლობა და ამერიკის საელჩო, რომლისთვისაც ქართველი ფეხბურთელების ამაღელვებელი თამაში, ისტორიული გზის ნაწილია. დაუვიწყარი და საამაყო დღეებისთვის, ეროვნულ ნაკრებს მადლობას უხდიან შვედეთისა და ესტონეთის საელჩოებიც. წინ გამარჯვებისკენ, საქართველო, ოცნებები ხდება! - ასე ულოცავენ ქართველ ფეხბურთელებს ისტორიულ წარმატებას დიპლომატიური უწყებები.

გერმანული არენა, რომელიც მორიგი ისტორიული დაპირისპირების მასპინძელი იყო, თავაწეული დატოვა ყველა ქართველმა, დატოვა, თუმცა დებიუტის მსგავსად, დამაჯერებელი სიტყვებით - ჩვენ დავბრუნდებით!

დღის ამბები