08 ივლისი 2024,   13:36
ვრცლად
"მე თქვენი პარტიის თავმჯდომარეს დავიჭერდი, გენერალური პროკურორი რომ ვყოფილიყავი" - პროკურორობის კანდიდატი იაგო ხვიჩიას

საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. ამ წუთებში საბჭო იურისტ ლალი ბუნტურს უსმენენ, რომელიც პოლიტიკურმა გაერთიანება "საქართველომ" წარადგინა.

საბჭოს წევრებს აინტერესებთ მისი გამოცდილება და ხედვა, როგორ წარმოუდგენია პროკურატურის შემდგომი განვითარება.

თავად გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ლალი ბუნტურს კი შენიშვნები ჰქონდა პარტია "გირჩის" ლიდერთან, იაგო ხვიჩიასთან. იურისტის თქმით, პროკურორი რომ ყოფილიყო, ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების გამო "გირჩის" თავმჯდომარეს დააკავებდა.

"თქვენმა პარტიამ რომ გამოაცხადა ნარკოტიკის თავისუფლად მოხმარება, მე თქვენი პარტიის თავმჯდომარეს დავიჭერდი, გენერალური პროკურორი რომ ვყოფილიყავი", - მიმართა ლალი ბუნტურმა პარტია "გირჩის" თავმჯდომარეს, იაგო ხვიჩიას.

იაგო ხვიჩიამ დააკონკრეტა, რომ პარტიის თავმჯდომარე თავადაა და პროკურორობის კანდიდატი სწორედ მის დაჭერას აპირებს.

"ქალბატონო, ჩემი პარტიის თავმჯდომარე მე ვარ, თქვენ ჩემ დაჭერას აპირებთ, იქნებ ბრალდება წამომიყენოთ. მე არ შევცვლილვარ, იგივე ადამიანი ვარ, რაც მაშინ ვიყავი. რაზე მიჭერთ რომ მითხრათ, თქვენ ხომ იურისტი ბრძანდებით, სამართლებრივად რომ მითხრათ რაზე მიჭერთ", - მიმართა იაგო ხვიჩიამ ლალი ბუნტურს.

საბოლოოდ, ლალი ბუნტურმა აღნიშნა, რომ ეს მესიჯი იყო მისგან.

"ბატონო იაგო მე დღეს მესიჯი მოგაწოდეთ, რადგან თავმჯდომარე ხართ გამოასწოროთ თქვენი შეცდომა", - განაცხადა პროკურორობის კანდიდატმა ლალი ბუნტურმა.

დღის ამბები