გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი გრძელდება. საბჭო დღეს 2 კანდიდატს მოუსმენს. პირველია იურისტი ალექსანდრე კობაიძე, რომელიც საბჭოს წევრების შეკითხვებს ამ წუთებში პასუხობს. საერთო ჯამში 11 კანდიდატი იყო წარდგენილი, ოთხმა კანდიდატურა მოხსნა, ხუთს კი უკვე მოუსმინეს. საბოლოოდ, საბჭო ფარული კენჭისყრით სამს შეარჩევს და პარლამენტს გადაუგზავნის.
საპროკურორო საბჭოს წევრები დაახლოებით საათზე მეტია, რაც იურისტს ალექსანდრე კობაიძეს უსმენენ. ალექსანდრე კობაიძემ ისაუბრა ძირითადად იმ მოტივაციასთან დაკავშირებით, რამაც მას გაუჩინა სურვილი, რომ გამხდარიყო გენერალური პროკურორი.
ალექსანდრე კობაიძემ დიდი ყურადღება დაუთმო არასრულწლოვანთა კოდექსს, თუ რას ფიქრობს ის და რას შეცვლიდა არასრულწლოვანთა კოდექსში.
ამ დროისთვის პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმზეა გადასული. საპროკურორო საბჭოს წევრებს კითხვები ალექსანდრე კობაიძესთან დაკავშირებით ძირითადად მის პოლიტიკურ წარსულთან დაკავშირებით ჰქონდათ.
"ის ხედვები, რომლებიც მე წარმოვადგინე, აბსოლუტურად არ მოდის წინააღმდეგობაში ჩემს წარსულთან, მაგალითად პოლიტიკასთან, რომელიც მე რამდენიმე წლის უკან მქონდა. ჩემი მთელი შეგნებული ცხოვრება დათმობილი მაქვს ჩემს პროფესიაზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე თუ პოლიტიკური გამოცდილება მაქვს, პოლიტიკურ ინტერესებს გავატარებ.
აუცილებელი არის, რომ სრული ჩართულობით პროკურორს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ პედაგოგიური მიმართულება, უფრო დამრიგებლური როლი იყოს მასში გაზრდილი და ეს უნდა მოხდეს გარკვეული ტრენინგებით.
ზუსტად შეიძლება არ მახსოვდეს კონკრეტულად რამდენი ციფრია [სტატისტიკა], მაგრამ ვიცნობ აღნიშნულ ინსტიტუტს, ვიცი, რომ ეს განრიდება მუშაობს,“ - აცხადებს გენერალური პროკურორის კანდიდატი ალექსანდრე კობაიძე.