29 სექტემბერი 2024,   05:36
ვრცლად
თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად გამოყოფილი თანხა საქართველოში მესამე სექტორისა და მედიის გაძლიერებას მოხმარდება - რა შეფასებები მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოში

ევროკავშირის გადაწყვეტილება მედიას პაველ ჰერჩინსკიმ გააცნო. დიპლომატმა დღეს თქვა, რომ თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად გამოყოფილი თანხა საქართველოში მესამე სექტორისა და მედიის გაძლიერებას მოხმარდება. ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა მოტივიც ახსნა - კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც მმართველმა გუნდმა, ნეგატიური შეფასებების მიუხედავად, მიიღო. ჰერჩინსკი, ამ ეტაპისთვის, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას ჩიხურს უწოდებს და ფიქრობს, რომ დამოკიდებულება ახალი ხელისუფლების არჩევის შემდეგ გადაიხედება.

იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში რუსული ოკუპაცია გრძელდება, რატომ აჩერებს პარტნიორი ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნის თავდაცვის უწყების დაფინანსებას, აუხსნელია საგარეო უწყებისა და პარლამენტის პირველი პირებისთვის. ევროპელ პარტნიორებს დღეს ცენტრალურ აფრიკაში ქართული ჯარის მიერ შესრულებული მისიაც შეახსენეს.

თავდაცვისუნარიანობის ნაცვლად, მესამე სექტორისა და მედიის ნაწილის გაძლიერება რომ, წინასაარჩევნოდ, ევროპული გაერთიანებისთვის უფრო პრიორიტეტული იქნება, ეს ოპოზიციაში არ უკვირთ. ამბობენ, რომ ახლა, ოქტომბერში წარმატების მისაღწევად, კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობოებისა და მედიის ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ოპოზიცია, გამარჯვების შემთხვევაში, შეჩერებული პროგრამების აღდგენის პირობას დებს.

ევროკავშირის ქმედებას არაპარტნიორულს, ოპოზიციის რეაქციას კი ანტისახელმწიფოებრივს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლებმა დღეს პარტნიორებს საქართველოს რთული გეოპოლიტიკური მდებარეობაც შეახსენეს და თქვეს, რომ, მიუხედავად გამოწვევებისა, ქვეყანას ევროპული კურსიდან არასდროს გადაუხვევია.

"რუსთავი 2" დაინტერესდა, კონკრეტულად რა სახის მედიაპროექტების დაფინანსებას მოხმარდება 30 მილიონი და რა პრიორიტეტის მიხედვით განაწილდება თანხები. "კურიერმა" ევროკავშირის მისიას ოფიციალური წერილითაც მიმართა, რომელზეც პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

დღის ამბები