ძვირფასო ოლიმპიელებო, ჩვენი ქვეყნის სიამაყე ხართ, დარწმუნებული ვარ, ოლიმპიურ თამაშებზე დიდი მონდომებით იბრძოლებთ და ჩვენს ქვეყანას ღირსეულად წარმოადგენთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა ოლიმპიელებს წარმატებები უსურვა.
"დიდი პატივია, ვიყო ამ ცერემონიის თანამონაწილე, როდესაც ჩვენთან ერთად არიან ჩვენი სპორტის ლეგენდები, ჩვენთან ერთად არიან ჩვენი მოქმედი ჩემპიონები და, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მომავალი ჩემპიონები. მინდა, ყველას გაგიზიაროთ ეს სიხარული. ათლეტებისთვის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა უდიდესი მიღწევაა და ყველამ ვიცით, რომ გზა ოლიმპიურ თამაშებამდე რთული და გამოწვევებით სავსეა. ამიტომ დღეს თქვენი აქ ყოფნა უკვე არის დასტური თქვენი სპორტული სულის, მიზანდასახულობისა და გამარჯვების მომენტის სამიზნედ არდაკარგვის. ძვირფასო ოლიმპიელებო, ჩვენი ქვეყნის სიამაყე ხართ და თქვენი შემართება, შრომისმოყვარეობა, მტკიცე სული ოლიმპიური თამაშების, სპორტული ოსტატობისა და ერთიანობის, ღირებულებების გამოხატულებაა.
თქვენ საქართველოს მსოფლიო დონეზე წარმოადგენთ ამ რთულ საპასუხისმგებლო გზაზე, თან მიგაქვთ ჩვენი ქვეყნის ოცნებები და იმედი. თქვენ არა მხოლოდ მედლების მოპოვებისთვის იბრძვით, ასევე ჩვენი ემოციური დამუხტვისთვის და სიხარულის ყიჟინისთვის. პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისას გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის სახელს, ერთიანობას და შეუპოვარ სულს წარმოაჩენთ. იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო, მთელი ქვეყანა თქვენ გვერდით დგას და გგულშემატკივრობთ. დარწმუნებული ვარ, ოლიმპიურ თამაშებზე დიდი მონდომებით, ძლიერი სპორტული ჟინით იბრძოლებთ და ჩვენს ქვეყანას ღირსეულად წარმოადგენთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი ათლეტების მწვრთნელებს, ოჯახის წევრებს, მხარდამჭერებს, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ თქვენი წარმატების გზაზე. გისურვებთ საუკეთესო შედეგების მიღწევას და სამშობლოში ამაყად დაბრუნებას, ისე, რომ თქვენი დღევანდელი გამარჯვებები მომავალი თაობების შთაგონებად იქცეს", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.