121 არასამთავრობო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტს უწოდებენ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ "სინამდვილეში ისინი არც კონსტიტუციას სცემენ პატივს, არც საკონსტიტუციო სასამართლოს და არც მის გადაწყვეტილებებს":
"ამ ადამიანებმა საზოგადოებას თავი გააცნეს, როგორც ორმაგი სტანდარტის აქტორებმა, ვინაიდან, როცა უნდათ აძაგებენ კონსტიტუციას, ხოლო როცა უნდათ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. ეს ყველაფერი არის სპეკულაცია და ფარსი მათი მხრიდან. კარგად ვიცით, რომ სინამდვილეში ისინი არც კონსტიტუციას სცემენ პატივს, არც საკონსტიტუციო სასამართლოს და არც მის გადაწყვეტილებებს. სწორედ ამ დამოკიდებულების გამო, ეს იქნება ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც შესაბამის შეფასებას მისცემს მათ ჩვენი საზოგადოება არჩევნებზე. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო სუბიექტები არ არიან, ვხედავთ რომ ისინიც ჩართულები არიან წინასაარჩევნო კამპანიაში, როგორც რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სარჩელი უკვე მზადაა და მას სასამართლოში დღეს შეიტანენ. ამასთან, მესამე სექტორი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, დროებით შეჩერდეს კანონში არსებული სადავო ნორმების მოქმედება.
მათივე თქმით, პარალელურად, მზადდება სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.
121 არასამთავრობო ორგანიზაციას, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს.