25 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
აფთიაქებსა და იმპორტიორებს მოვუწოდეთ, რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრან შექმნილი დეფიციტები - მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა კრიტიკას, რომელიც, ახალი სქემის ამოქმედების პარალელურად, გარკვეული ონკოლოგიური მედიკამენტების შესაძლო დეფიციტს ეხება. მიხეილ სარჯველაძე არ გამორიცხავს, ფარმაცევტული კომპანიებისა და დისტრიბუტორების მიმართ რეგულაციების უფრო მკაცრი ნორმების გამოყენებას, თუკი არ მოხდება პრეპარატების დროულად შემოტანა საქართველოში.

"ეს მწვავე საკითხია. ერთი მედიკამენტის დეფიციტიც კი არის განსაკუთრებული ყურადღების მიზეზი და ინტერესის საგანი სახელმწიფოსთვის. დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იმპორტსა და დისტრიბუციას არ ახორციელებს უშუალოდ სახელმწიფო. თუმცა, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყოველთვის აკვირდება მიმდინარე პროცესებს, არსებულ მარაგებს, რომ დეფიციტი არ აისახოს უარყოფითად რომელიმე პაციენტის მკურნალობაზე.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, შეიქმნა გარკვეული დეფიციტი რამდენიმე დასახელების მედიკამენტთან დაკავშირებით. ეს მწვავე საკითხია. ჩვენ, ბოლო პერიოდში, გვქონდა რამდენიმე მწვავე და მძიმე შეხვედრა, მათ შორის, აფთიაქებთან, იმპორტიორებთან, რომლებსაც მოვუწოდეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრან შექმნილი დეფიციტები. თუმცა, სახელმწიფო არ აპირებს ამ მიმართულებით გულხელდაკრეფილი ყოფნას და თუ არ იქნება რელევანტური და ადეკვატური გამოხმაურება კერძო სექტორიდან, სახელმწიფო იძულებული იქნება, რომ აქ გარკვეული ინტერვენციები შევიდეს," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები