08 სექტემბერი 2024,   03:52
ვრცლად
დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობამ უსაფრთხოების სამსახურები გამადიდებელი შუშის ქვეშ მოაქცია - რას ამბობს FBI

დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობამ უსაფრთხოების სამსახურები გამადიდებელი შუშის ქვეშ მოაქცია. კონგრესის იურიდიულმა კომიტეტმა გამოკითხვა, ამჯერად, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს შეფს მოუწყო, რათა დაგროვილ კითხვებზე პასუხები მიეღო. პასუხები არის, თუმცა მთავარ კითხვებზე - არა. მიუხედავად ამისა, გამოძიებამ, ამ ეტაპზე, ლიკვიდირებული დამნაშავის, მეთიუ კრუქსის ფიქრების წაკითხვა შეძლო.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატის წინააღმდეგ 13 ივლისს ნასროლი 8 ტყვიის ამბავი FBI-მა სახურავზე ნაპოვნი 8 ვაზნის მეშვეობით დაადასტურა. რეიმ ის ვერ თქვა, თუ როგორ მოხვდა, შეუმჩნევლად, შეიარაღებული 20 წლის მამაკაცი იმ მომენტში სახურავზე, თუმცა აქვს ვერსიები. რასაც FBI დადასტურებით ამბობს, ისაა, რომ საქმეში სხვა პირის თანამონაწილეობა ან საშინაო თუ საგარეო კონსპირაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ იკვეთება.

გარდა გამოძიების დეტალებისა, კონგრესის მოსმენაზე რესპუბლიკელები იმითაც დაინტერესდნენ, იწვევდა თუ არა ეჭვებს და რა ფორმით ხდებოდა პრეზიდენტი ბაიდენისთვის FBI-ის შეფის ყოველთვიური ანგარიშების წარდგენა.

კრისტოფერ რეიმდე, კონგრესმა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორს კიმბერლი ჩიტლის მოუსმინა, რომელიც თანამდებობის დატოვებაზე ორივე პარტიის მოწოდებებს უარყოფდა, თუმცა, საბოლოოდ, თანამდებობა მართლაც დატოვა. თქვა, რომ "ბოლო ათწლეულებში, საიდუმლო სამსახურის ყველაზე მნიშვნელოვან ოპერატიულ წარუმატებლობაზე" პასუხისმგებლობას იზიარებს. ეს კი მას შემდეგ, რაც, 13 ივლისს, პენსილვანიის ქალაქ ბატლერში, აშშ-ის ექსპრეზიდენტს რამდენჯერმე ესროლეს, ერთ-ერთი ტყვია კი პოლიტიკოსს ყურში მოხვდა. თავდასხმის შედეგად, დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე, ორი კი დაიჭრა. მსროლელი კრუქსი საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა მოკლა.

დღის ამბები