08 სექტემბერი 2024,   03:22
ვრცლად
სვანეთში დაკარგული ორივე ახალგაზრდა ნაპოვნია, ორივე თავს კარგად გრძნობს - ლაშქრობა დათვმა ჩაშალა

ლენტეხში თავად ჩააღწიეს, თუმცა, მანამდე, ბევრი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. ვიდრე ზემო სვანეთიდან ლენტეხის მიმართულებით წასულ მოლაშქრეებთან კონტაქტი გაწყვეტილი იყო, ახალგაზრდების ძებნა ჯერ მათმა ახლობლებმა დაიწყეს, ბოლო სამი დღის განმავლობაში კი, პროცესში სამაშველო სამსახური ყველა საჭირო რესურსით, მათ შორის, ავიაციით ჩაერთო. როგორც სამშვიდობოს გამოსულები ამბობენ, მიხვდნენ, რომ მათ სიახლოვეს ვიღაცას ეძებდნენ, თუმცა არ დაუშვიათ, რომ ეს ამბავი მათი ლაშქრობის გახანგრძლივებას უკავშირდებოდა.

მიზეზი, რამაც მარშრუტი შეცვალა, გარეული ცხოველის საფრთხე იყო.

გიორგი ფარჯიანმა და გიორგი გვიჩიანმა გამოწვევებისა და შეცვლილი მარშრუტის დაძლევა მოახერხეს, თუმცა გეგმას დამატებული 5-დღიანი პერიოდი განგაშის საფუძველი იყო მათი ახლობლებისა და რეგიონის მოსახლეობისთვის. მოხალისეებისა და მაშველების ჩართულობით, ძებნის პროცესი როგორც მესტიის, ასევე ლენტეხის მხრიდან მიმდინარეობდა. რელიეფის სირთულესთან ერთად, შიშის მთავარი საფუძველი სწორედ გარეული ცხოველების საფრთხე იყო. ამას ემატებოდა სატელეფონო კონტაქტის გაწყვეტა.

კონტაქტის გაწყვეტის შემდეგ, 23 ივლისს ჩაერთნენ ძებნაში მაშველები.

ლენტეხში ჩასვლის შემდეგ, გიორგი ფარჯიანისა და გიორგი გვიჩიანის პირველი გაჩერება პოლიციის შენობა იყო. საქმე, რომელიც ძებნის პარალელურად აღიძრა, მათივე გამოკითხვის პროცედურით დაიხურა. ორივე ახალგაზრდა თავს კარგად გრძნობს - მათ სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებიათ.

დღის ამბები