08 სექტემბერი 2024,   03:23
ვრცლად
ეწევა თუ არა NGO-სექტორი წინასაარჩევნო პოლიტიკურ აგიტაციას - "ქართული ოცნება" კვლავ დონორების თანხებზე საუბრობს

ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა ხელისუფლების მხრიდან ისევ კრიტიკის საგანია. "ქართულ ოცნებაში"აცხადებენ, რომ მესამე სექტორის პოლიტიზების უკვე არაერთი მაგალითი არსებობს, რასაც NGO-ების მიერ გამართული ბოლოდროინდელი შეხვედრებიც ადასტურებს. პრემიერ-მინისტრისა და, ამავე დროს, "ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, საარჩევნო კამპანიაში ჩართვა და არჩევნების დაკვირვება შეუთავსებელია.

"ქართული ოცნების" ლიდერები მესამე სექტორის მხრიდან წინასაარჩევნო პროცესში მონაწილეობის ბოლო მაგალითად "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ აჭარაში ორგანიზებულ შეხვედრას ასახელებენ. საუბარია ბათუმში მოწყობილ პანელურ დისკუსიაზე, რომელსაც, "გამჭვირვალობის" ხელმძღვანელთან ერთად, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მომღერალი გიორგი უშიკიშვილი ესწრებოდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ პარტია "ლელოს", ანა დოლიძისა და ლევან ცუცქირიძის "ერთობის" წევრი გახდა. არცერთმა მათგანმა დღეს მედიასთან კომუნიკაცია არ ისურვა, თუმცა ვიდეომასალაში, რომელიც, ასევე, მედიით გავრცელდა, საუბარი, ქვეყნის ევროინტეგრაციასთან ერთად, სწორედ არჩევნების თემატიკაზეა.

"პოლიტიკური აგიტაცია" უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ ორგანიზებულ ბათუმურ შეხვედრას და, ასევე, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ნებისმიერ მსგავს საქმიანობას. შალვა პაპუაშვილის თქმით, აუცილებელია, მესამე სექტორის დონორებმა უპასუხონ შეკითხვას; იციან თუ არა, რა მიზნისთვის იხარჯება მათი ფინანსები?

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ერთობლივ შეხვედრებს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ პოლიტიკურ პარტიებში.

მესამე სექტორის ნაწილისა და ოპოზიციის კავშირები საპარლამენტო უმრავლესობისთვის იმის დასტურია, რომ მესამე სექტორის დაფინანსების გამჭვირვალობა აუცილებელია.

არჩევნებამდე ზუსტად სამი თვეა დარჩენილი. პოლიტიკურმა პარტიებმა წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყეს.

დღის ამბები