08 სექტემბერი 2024,   06:23
ვრცლად
ფრანგული შოკი პირდაპირ პარიზიდან - ოლიმპიადა, რომლის გახსნამაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა

ფრანგული შოკი პირდაპირ პარიზიდან - შოუ, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა და კიდევ დიდი ხანი ალაპარაკებს. ტომას ჯოლის სამხატვრო ხელმძღვანელობით მოწყობილმა თავგადასავალმა გადახვევისკენ და ხელახლა ყურებისკენ ბევრს უბიძგა.

ყველაფერი კი ლეგენდით დაიწყო, ლეგენდით სახელად ზიზუ. პირველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური ჩირაღდანი ხელში აიღო, ზინედინ ზიდანი იყო, მას ის ცნობილმა ფრანგმა კომიკოსმა ჟემლ დებუზმა გადასცა. ასე დაიწყო ცეცხლმა პარიზის ქუჩებში მოგზაურობა.

ზიზუს ადევნებული 3 პატარა და იდუმალი მეჩირაღდნე თუ საინტერესო თავგადასავალს გვპირდებოდნენ, ხიდზე გამართული სცენით უკვე მივხვდით, რომ რაღაც განსაკუთრებული გველოდა.

საფრანგეთი, რომელმაც ოლიმპიადას მესამედ უმასპინძლა, პირველი ქვეყანაა, რომელმაც შოუ არა ერთ სტადიონზე, არამედ მთელს ქალაქში მოაწყო, პირველი კი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის დროშა მდინარე სენაზე აღმართა, საბერძნეთი იყო, ქვეყანა, რომელმაც ოლიმპიური თამაშები გვაჩუქა.

პირველი მუსიკალური ნომერი ეკრანთან მიჯაჭვულ და პარიზის ქუჩებში შეკრებილ მაყურებელს ლედი გაგამ შესთავაზა, თან ფრანგულად. სენას სანაპიროზე მოწყობილი მუსიკალური და საცეკვაო ნომრების პარალელურად კი მდინარეს მსოფლიოს 206 დელეგაციის 10 000 სპორტსმენი მიუყვებოდა გემებითა და ნავებით. სწორედ აქ ვიხილეთ საქართველოს ოლიმპიური ნაკრებიც, 28 სპორტსმენით და მედროშე ლაშა ტალახაძითა და ნინო სალუქვაძით.

პარიზის ოლიმპიადის სამხატვრო ხელმძღვანელმა საფრანგეთის კულტურა, სპორტი, ინდივიდუალიზმი, ღირებულებები და ხედვა შემოქმედებითად შეკრა და საოცარი შოუ შემოგვთავაზა. ასეთი იყო კანკანიც და პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სარემონტო სამუშაოების მოტივებზე გადაღებული სცენა, რომელიც სენას სანაპიროზე გასაოცარი ცეკვით გაგრძელდა წყალში. ასეთი იყო მოდის დედაქალაქში, ლუი ვიტონის მიერ შექმნილი ჩანთები, რომლებშიც ოლიმპიური მედლები ინახებოდა. ამჯერად განსხვავებული მედლები, რომლებშიც ეიფელის კოშკის ნაწილია დატანილი.

ავტორებს არც ფრანგული რევოლუცია და დე ლა კრუას ცნობილი სცენის გაცოცხლება დავიწყებიათ. ამ მომენტიდან სწორედ საფრანგეთის მთავარი მოტოს: "თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის" თემატიკით გაგრძელდა ოლიმპიადა.

ფრანგული ლიტერატურის, კინემატოგრაფიის, ბალეტისა თუ კლასიკური მუსიკის დემონსტრაციის შემდეგ, ლუვრში გადავინაცვლეთ, სადაც პერსონაჟები ცნობილი ნახატებიდან ოლიმპიადის საყურებლად გაემართნენ. ვნახეთ უფლებებისთვის მებრძოლი ფრანგი ქალების ოქროს ქანდაკებებიც, რომლებიც მოგვიანებით პარიზის სხვადასხვა ქუჩაზე დაიდებენ ბინას. ეს ყველაფერი კი მარსელიეზას თანხლებით.

სენაზე მოძრავ გემში შესრულებული შთამბეჭდავი ცეკვა და ფრანგული პოდიუმის მოტივებზე შემოთავაზებული ევროპული თანასწორობის იდეა შოუს ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი იყო. ამღერებული დიონისეთი, რომელიც სიყვარულის მარადიულობისა და ძალადობის აბსურდულობის იდეას ატარებდა, რომელიც ლენონის უმშვენიერესი კომპოზიციით გაგრძელდა.

მექანიკური ცხენის შთამბეჭდავმა კადრმა და დროშების ხეივანმა უკვე გვამცნო, რომ მნიშვნელოვან ნაწილს ვუახლოვდებოდით. იდუმალმა მეჩირაღდნემ ცეცხლი ზიდანს, ზიდანმა ნადალს, ნადალმა კი მსოფლიოს სხვა ცნობილ სპორტსმენებს გადასცა, რომლებმაც კვლავ მდინარე სენით მიიტანეს ცეცხლი მთავარ ადგილას, სადაც ის 11 აგვისტომდე დაიდებს ბინას. ცეცხლის ანთების შთამბეჭდავი სანახაობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი ლაზერ შოუთი გაგრძელდა, ეიფელის კოშკთან. საბოლოო აკორდი კი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ამღერებული სელინ დიონის არაჩვეულებრივი შესრულება იყო. სიყვარულის ჰიმნმა ბოლო სცენაც განსაკუთრებული და ემოციური გახადა.

დღის ამბები