08 სექტემბერი 2024,   08:20
ვრცლად
"იძულებულები გახდნენ გადაიცვან "ცხვრის ქურქი" და "მგლის ხახა" დამალონ" - ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის რუსეთთან დაკავშირებით შეცვლილ რიტორიკაზე​

მმართველი პარტია, რუსეთთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების რიტორიკის შეცვლას, არჩევნებს და ხალხის განწყობას უკავშირებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ოპონენტები იძულებულნი გახდნენ მოქალაქეების განწყობებიდან გამომდინარე დამოკიდებულება შეეცვალათ, რათა საარჩევნოდ ფონს გავიდნენ.

"მათ, რა თქმა უნდა, არც მაშინ არ გააჩნდათ საკუთარი აზრი და არც დღეს გააჩნიათ, უბრალოდ, ხედავენ, რომ ქართველ ხალხს უნდა მშვიდობა, უნდა კეთილდღეობა, უნდა ღირსება, უნდა სუვერენიტეტი და ამ ფასეულობებთან ერთად ევროპისკენაც სვლა. ამიტომაც იძულებულები გახდნენ გადაიცვან "ცხვრის ქურქი" და "მგლის ხახა" დამალონ. თითქოს არასდროს არ უთქვამთ, რომ რუსეთს უნდა პირდაპირი სანქციები დავუწესოთ, რაც არამხოლოდ ეკონომიკურად უძლიერესი დარტყმა იქნებოდა, არამედ ამას მოჰყვებოდა მთელი რიგი პოლიტიკური ხასიათის პროვოკაციები. ჩვენ ეს ყველაფერი, ჩვენი პრინციპული პოზიციით ქვეყანას ავაცილეთ.

დღეს ოპოზიცია ფიქრობს, რომ ადვილად შეუძლიათ მანიპულირება ხალხით და შეძლებენ ამ რიტორიკით ფონს გასვლას," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთის წევრის, დავით მათიკაშვილის შეფასებით, ოპოზიციის შეცვლილი რიტორიკა საზოგადოებისთვის კიდევ ერთი "ლაკმუსის ქაღალდია."

"ეს სამარცხვინო მეტამორფოზა, რომელიც განიცადა რადიკალურმა ოპოზიციამ რუსეთთან დაკავშირებით, კარგად ასახავს მათ პოლიტიკურად ამორალურ სახეს. ოღონდაც ელექტორალური მხარდაჭერა ჰქონდეთ და რაღაც დოზით მაინც, ისინი აცხადებენ ისეთ გარემოებებს, რომელსაც ცოტა ხნის წინ დაჟინებით უარყოფდნენ. კიდევ ერთი ლაკმუსის ქაღალდი საზოგადოებისთვის, თუ როგორ უპრინციპო, ამორალურ და ანტიქართულ ძალებთან აქვთ საქმე, როდესაც ოპოზიციაზეა საუბარი," - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები