18 აგვისტო 2026,   14:12
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სუს-სა და საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს - მაგისტრი მოსამართლის წინაშე ამ წუთებში მოქალაქე ბექა ჭულუხაძე იკითხება

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება. გამოკითხვები დღეს ერთმანეთის პარალელურად გაიმართება, როგორც სუს-ში, ისე - საქალაქო სასამართლოში.

მაგისტრი მოსამართლის წინაშე, ამ წუთებში, მოქალაქე ბექა ჭულუხაძე იკითხება. მოქალაქე მაურ მაჩალიკაშვილია შესული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

დაკითხვამდე, მოწმეებმა ჟურნალისტებთან გააკეთეს კომენტარი - ვაჟა ციცილოშვილმა და ბექა ჭულუხაძემ დაადასტურეს, რომ მათ დღემდე აქვთ კომუნიკაცია უკრაინაში მყოფ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, თუმცა ტერორიზმის საქმესთან კავშირი კატეგორიულად უარყვეს.

"დაგვირეკა გამომძიებელმა და გვითხრა, რომ რაღაც ტერორიზმის მუხლთან დაკავშირებით, შეკითხვები გვაქვსო და რა კითხვებიც ექნება, გავცემ პასუხს, რა პრობლემაა.

არანაირი კონტაქტი არ მაქვს მათთან [ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან].

არ ვიცი, ვინ და ვინ იყვნენ დაბარებულები და შეიძლება ვიცნობდე კიდეც, აზრზე არ ვარ. რა ტერორიზმი, რის ტერორიზმი. კარგად იცით, მე საიდან ვარ და მთელი ცხოვრება რუსებს ვებრძვი. სახლი მაგათ დამიწვეს, მაგათ გამომაგდეს და რა სისულელეა, რისი ტერორიზმი,“ - აცხადებს ბექა ჭულუხაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მათგანი, ყოფილი ხელისუფლების დროს, ძალოვან უწყებებში მუშაობდა. კონკრეტულად კი, "კურიერის" ინფორმაციით, ვაჟა ციცილოშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში, ხოლო ბექა ჭულუხაძე - თავდაცვის სამინისტროს რიგებში ირიცხებოდა. მათ ჰყავთ ინტერესის დამცველი და სწორედ ადვოკატთან ერთად იმყოფებიან დაკითხვაზე.

"ყოფილ თანამშრომლებთან როგორ არ მაქვს ურთიერთობა, ჩემი მეგობრები არიან [ძალოვანი უწყებების ყოფილ თანამშრომლებთან] და მაღალჩინოსნებთან საერთოდ არ მაქვს კავშირი. არ ვიცი, რატომ დამაკავშირეს მიმდინარე საქმესთან. ალბათ, უკრაინაში რომ ვიყავით, მაგის გამო,“ - აცხადებს ვაჟა ციცილოშვილი.

მათ უფლებებს ადვოკატი ბექა ბასილაია იცავს.

"ნებისმიერი პირი, რომელსაც უკავშირდებიან დასაკითხად, ამ ყველაფერს ხვდება ისე, როგორც უნდა ხვდებოდეს ჯანსაღი ადამიანი. არ არსებობს კითხვა, რომელსაც პასუხი არ გააჩნია ამ საქმეზე,“ - აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.

საქალაქო სასამართლოს პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებლები გამოჰკითხავენ მაური მაჩალიკაშვილს - მას შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია მედიასთან, თუმცა აღნიშნა, რომ არ იცის, რა საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული საგამოძიებო უწყებაში.

"ვერ გიპასუხებთ ვერაფერს მანამ, სანამ არ შევალ და არ გავერკვევით საქმის ვითარებაში,“ - განაცხად მაჩალიკაშვილის ადვოკატმა ქეთევან ჩუთლაშვილმა.

გამოძიება მიმდინარეობს ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე.

დღის ამბები