05 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
ყოველი სიტყვა, რაც ეხებოდა ჩვენი მთის პერსპექტივას და მთლიანად აჭარის განვითარებას, ბოლომდე იქნება შესრულებული - თორნიკე რიჟვაძე

მაღალმთიან აჭარაში დღეს სახალხო დღესასწაულს "შუამთობას" აღნიშნავენ. ბეშუმში გასართობი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები იმართება.

ადგილობრივ მოსახლეობას და სტუმრებს სახალხო დღესასწაული პრემიერ-მინისტრმა მიულოცა და რეგიონის განვითარების მიზნით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მათ შორის, ხულო-ზარზმის გზაზე. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პროექტი წელს დასრულდება.

"ძლიერი მთა ნიშნავს ძლიერ საქართველოს, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვიზრუნოთ ჩვენს მთიანეთზე, ქართულ მთაზე, მაღალმთიან აჭარაზე და ასე იქნება აუცილებლად მომავალშიც," - განაცხადა პრემიერმა ბეშუმში სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ ხულო-ზარზმის პროექტის დასრულება გაჭიანურდა ობიექტური მიზეზების გამო და მოსახლეობას ბოდიში მოუხდა.

"ბევრი გავაკეთეთ, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და ამაზე ერთად ვმუშაობთ ყველა. ხულო-ზარზმას პროექტი უმნიშვნელოვანესია. მე ბოდიში მინდა მოგიხადოთ იმისთვის, რომ ძალიან ბევრი გამოწვევა იყო და მართლაც გაჭიანურდა პროექტის განხორციელება. მიზეზები ობიექტური იყო, მაგრამ შედეგი არის ყველაზე მთავარი. სწორედ ამ მიზნით შემართული ჩვენ დღეს ვუყურებთ, რომ აღნიშნული პროექტები ხორციელდება იმდაგვარად, რომ წლის ბოლოს უკვე გზა სამცხე ჯავახეთიდან აჭარისკენ იქნება დასრულებული,“ - აცხადებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მოსახლეობას განუცხადა, რომ აჭარის განვითარების მიმართულებით თქმული დაპირებები, ბოლომდე შესრულდება.

"ქართველი აჭარელი კაცი ყოველთვის ბრძენი და ჭკვიანი იყო. მან ძალიან კარგად იცოდა ბრძოლის, შრომის და ერთიანობის დრო. დღეს რომ ჩვენ ყველა ერთად შევიკრიბეთ და ასე სახალხოდ აღვნიშნავთ ამ დღესასწაულს - ეს არის პირველ რიგში ჩვენი წინაპრების და ტრადიციების პატივისცემა და მადლობა კიდევ ერთხელ ამისთვის თითოეულ თქვენგანს. ყოველი სიტყვა, რაც ეხებოდა ჩვენი მთის პერსპექტივას, გოდერძის, ბეშუმის, ხულოს განვითარებას და მთლიანად აჭარის განვითარებას, ყველა სიტყვა შესრულებულია და ბოლომდე იქნება შესრულებული", - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

შუამთობის დღესასწაულზე დაგეგმილ ღონისძიებებში ქართული ესტრადის წარმომადგენლები და ადგილობრივი შემსრულებლები მონაწილეობენ. დღის ბოლოს კი ბეშუმში ტრადიციულად დოღი და ნიშნობოს ცერემონია გაიმართება.

ღონისძიებებს სპორტული აქტივობები დაასრულებს.

დღის ამბები