05 ოქტომბერი 2024,   11:31
ვრცლად
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოსთვის დღე უმედლოდ დასრულდა - ტრავმის მიუხედავად, შოთა მიშველიძემ 256 კილოგრამი დაძლია

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოსთვის დღე უმედლოდ დასრულდა. ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში საქართველო დამარცხდა, ხოლო ძალოსნობაში, ტრავმის მიუხედავად, შოთა მიშველიძემ ორჭიდის, ჯამში, 256 კილოგრამი დაძლია და ოლიმპიადა მე-6 ადგილზე გასვლით დაასრულა.

ძალოსნის შოთა მიშველიძის თქმით, მას ასპარეზობა მძიმე ტრავმით მოუწია, ამიტომ მაღალი მოლოდინები არ ჰქონია.

"ტრავმის ფონზე მომიწია გამოსვლა და შესაბამისად, არანაირი მოლოდინი არ მქონდა. შემდეგისთვის უკეთესად მოვემზადებით", - განაცხადა შოთა მიშველიძემ.

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის განცხადებით, შოთა მიშველიძეს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის დროს ამოუვარდა მკლავი, ხოლო ოლიმპიურ თამაშებზე სწორედ ამ ტრავმით მოუწია მონაწილეობის მიღება.

"ეს ტრავმა რომ არა, ყველანაირი პირობა ჰქონდა. მოგეხსენებათ, მას მსოფლიო თასზე მხარი ამოუვარდა და, ყველა შესაძლებლობის მიუხედავად, არ მოგვცა საშუალება, რომ, ბოლო სამი თვის განმავლობაში, დასტაბილურებულიყო. მოხდა ის რაც მოხდა, ასეთია სპორტი. ფიზიკურ კონდიციებს არა, უფრო ფსიქოლოგიურ მზადყოფნას ენიჭება ყურადღება. ძალიან ძლიერი კონკურენცია იყო, ძალიან ძლიერი სპორტსმენები გავარდნენ. საერთო ჯამში, მეექვსე ადგილი დავიკავეთ", - განაცხადა გიორგი ასანიძემ.

ხვალიდან ასპარეზობას იწყებენ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, თუმცა საქართველოს ყველაზე დიდი იმედი ლაშა ტალახაძეა, რომლისგანაც, 10 აგვისტოს, მესამე ოლიმპიურ მედალს ველით. ამ დროისთვის, საქართველოს 4 მედალი აქვს და, 200-ზე მეტი ქვეყნიდან, 28-ე ადგილზეა.

დღის ამბები