05 ოქტომბერი 2024,   11:30
ვრცლად
კრემლმა ათეულობით დასახლებული პუნქტი დაკარგა -  უკრაინის ჯარი რუსეთის ტერიტორიაზე წინსვლას განაგრძობს

კურსკის რეგიონის მთავარ ქალაქამდე 50 კილომეტრზე ნაკლები რჩება. უკრაინის ჯარი რუსეთის ტერიტორიაზე წინსვლას განაგრძობს. კრემლმა ათეულობით დასახლებული პუნქტი დაკარგა. რეგიონში აფეთქებულია სტრატეგიული ობიექტები, გადაკეტილია ქალაქთაშორისი მაგისტრალები.

რთულია სიტუაცია რეგიონის მთავარ ქალაქში. კურსკში ათეულობით ათას დევნილს ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად რიგში დგომა საათობით უწევს.

"ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ახლა მოსკოვში მძიმე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. კრემლში განიხილავენ, რომ სამხედროები უკრაინის ფრონტიდან მოხსნან და საკუთარ ტერიტორიაზე გადაისროლონ.

რუსეთის ხელისუფლებამ კურსკის, ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქებში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოაცხადა. უკრაინის სამხედროები კურსკის ოლქში ქალაქ სუჯას აკონტროლებენ, უკრაინელების კონტროლის ქვეშაა რუსული გაზის ევროპაში ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი, ერთადერთი გადამანაწილებელი პუნქტიც.

უკრაინის ძალები რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ატომური ელექტროსადგურის მისადგომებთან იმყოფებიან, გასულ ღამეს ელექტროგადამცემი ბლოკის აფეთქების შედეგად რეგიონი უშუქოდ არის დარჩენილი. რუსეთი გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს ატომურ ელექტროსადგურზე მოსალოდნელი საშიშროების შესახებ ატყობინებს.

ახლა უკრაინის სამხედროები ქალაქ რილსკში შედიან. ტერიტორიიდან მოსახლეობის საგანგებო ევაკუაცია მიმდინარეობს. ათასობით უკრაინელი სამხედრო ქალაქზე შტურმის განხორციელებისთვის ემზადება.

კურსკის ოლქში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. კრემლი სიტუაციაზე კონტროლის მოსაპოვებლად უკიდურეს ზომას მიმართავს და მოსკოვისა და კურსკის ოლქებიდან წვევამდელებს პირდაპირ ფრონტის ხაზზე აგზავნის. ამ ფონზე რუსული წინააღმდეგობის ხელმძღვანელი აპტი ალუდინოვი ირწმუნება, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

სასტიკი ბრძოლების შემდეგ, რუსეთის მიერ საგანგებოდ შექმნილი პირველი თავდაცვის ხაზი გარღვეულია. რეგიონზე კონტროლის მოსაპოვებლად გაგზავნილი პირველი რუსული ბატალიონის ხუთასამდე სამხედრო დანიშნულების ადგილამდე ვერ ჩავიდა. მათი განადგურების შესახებ მსოფლიომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საშუალებით შეიტყო.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები