05 ოქტომბერი 2024,   11:28
ვრცლად
უკრაინის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე წინსვლას განაგრძობენ - უკრაინული დროშა უკვე 82 დასახლებულ პუნქტზე ფრიალებს

კურსკის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობა, უკრაინული არმიის შეტევის გამო, მოსკოვმა ბელგოროდის ოლქშიც გამოაცხადა. პუტინის არმია უკრაინელების შეტევებს ვერ უმკლავდება და თავდაცვითი პოზიციების გამაგრებაზეა გადასული, თუმცა უშედეგოდ. კურსკზე შეტევისას უკრაინელები დასავლურ შეიარაღებასაც აქტიურად იყენებენ, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ლონდონმა არაოფიციალურად კიევს მწვანე შუქი აუნთო გამოიყენოს ბრიტანული რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე. ამას გარდა, დღეს უკრაინის არმიამ ტყვეთა გაცვლის ფონდი კიდევ 102 რუსი ჯარისკაცით შეავსო, უფრო მეტია დაღუპული და დაჭრილი. კურსკის ოლქში ახლა მძიმე სიტუაციაა, რის გამოც კიევმა იქ დარჩენილი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა, შექმნილია სამხედრო კომენდატურაც.

1150 კვადრატული კილომეტრი და 82 დასახლება - უკრაინის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე წინსვლას განაგრძობენ. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, უკრაინის არმიამ ერთი კვირის განმავლობაში რუსეთში იმაზე მეტი ტერიტორია დაიკავა, ვიდრე რუსეთმა უკრაინაში მთელი წლის განმავლობაში.

რუსეთში ახლა რთული ვითარებაა - ქვეყანაში 200 000 ადამიანი დევნილად იქცა. კარვების ქალაქები ქვეყნის 11 რეგიონშია გახსნილი. კონფლიქტის ზონიდან მოქალაქეებისთვის ევაკუაცია სავალდებულო გახდა.

რუსეთი თავდაცვის პოზიციების შენარჩუნებას წვევამდელების ხარჯზე ცდილობს. ცნობილია, რომ ახალგაზრდებს ფრონტის წინა ხაზზე ძალდატანებით ლენინგრადის, მოსკოვის, როსტოვის კალინინგრადის ოლქებიდან აგზავნიან. მოსკოვი უკრაინის ოპერაციას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებულ ტერორისტულ ქმედებას უწოდებს.

რაც მოსკოვისთვის გაუგებარია, გასაგებია დასავლეთისთვის, ევროპის ლიდერებმა ზუსტად იციან, რატომ შევიდა უკრაინის ჯარი რუსეთში და რატომ უჭერენ კიევს მხარს.

კიევმა რუსეთის ტერიტორიაზე წარმოებული ოპერაციის მიზანი ჩამოაყალიბა. რუსული არტილერიის სასაზღვრო ზონიდან გაწევა, იმისთვის, რომ რუსეთმა უკრაინის დაბომბვა ვეღარ შეძლოს და რუსეთის არმიის მომარაგების შეწყვეტა.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები