05 ოქტომბერი 2024,   11:33
ვრცლად
სეიმის აფეთქებული ხიდი და მომარაგების გარეშე დარჩენილი რუსული საჯარისო ნაწილები - კურსკის ოლქში უკრაინის სამხედრო ოპერაცია გრძელდება

უკრაინის არმია რუსეთის ტერიტორიაზე ოპერაციას განაგრძობს. საჯარისო ნაწილები ოლქში მდებარე ორი სტრატეგიული მიმართულებით მიიწევენ წინ - ქალაქ კურსკისკენ და რეგიონში მდებარე ატომური ელექტროსადგურისკენ. მოსკოვში, უკრაინელების წინსვლის შესაჩერებლად, ჯარისთვის საჭირო იარაღის მიწოდებას ცდილობენ.

რეგიონში დარჩენილი რუსული საჯარისო ნაწილებისთვის მომარაგების შესაწყვეტად, უკრაინულმა ძალებმა მდინარე სეიმის ხიდი ააფეთქეს. მედიის ცნობით, რეგიონში დარჩენილი 700-კაციანი რუსული საჯარისო ნაწილები მომარაგების გარეშე დარჩნენ. უკრაინულმა არმიამ მათი დისლოცირების არეალი ალყაში მოაქცია.

კურსკის რეგიონის ნაწილს კიევის მიერ შექმნილი კომენდატურა აკონტროლებს, კონფლიქტის ზონაში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის კი ჰუმანიტარული დერეფნებია გახსნილი. უკრაინის სამხედრო უწყება მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული ზონის შექმნას აპირებს, ტერიტორიაზე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაიშვებიან. მიმდინარეობს უკრაინის მხრიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.

უკრაინის არმიის წინსვლის პარალელურად, რუსეთის სამ ოლქში - კურსკში ბრიანსკში და ბელგოროდში საგანგებო მდგომარეობის სხვადასხვა რეჟიმია ამოქმედებული. კურსკთან ერთად, მოქალაქეების ევაკუაცია ბელგოროდის ოლქიდანაც მიმდინარეობს. არსებული მონაცემებით, კონფლიქტის ზონა 200 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. დევნილთა ბანაკები რუსეთის 11 რეგიონშია გახსნილი.

ახლა რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის არმიის წინსვლა შენელებულია. ცნობილია, რომ კრემლი 1150 კვადრატულ კილომეტრსა და 82 დასახლებას ვერ აკონტროლებს. უკრაინის პრეზიდენტი მოკავშირეებისგან შორ მანძილზე მოქმედ იარაღსა და ამ იარაღის რუსეთის შიდა ტერიტორიაზე გამოყენების შესაბამის ნებართვებს ელოდება.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები