13 სექტემბერი 2024,   13:48
ვრცლად
რუსეთის თავდასხმის სამიზნე ამჯერად მედია გახდა - უკრაინის ქალაქ კრამატორსკში აგრესორმა ბალისტიკური რაკეტა ისროლა, რამაც ჟურნალისტების საცხოვრებელი დააზიანა

"მორიგი პარტია ტყვეთა ფონდის შესავსებად" - ასე ასათაურებენ უკრაინული წყაროები  კადრებს, რომელშიც, არსებული ინფორმაციით, კურსკის ოლქში დატყვევებული რუსი სამხედროები საკუთარ ვინაობას და წოდებას უკვე სამხედრო ტყვეების სტატუსით წარმოთქვამენ. უკრაინის შეიარაღებული ძალები, რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ, პოზიციებს ყოველდღიურად იუმჯობესებენ და კურსკში სულ უფრო მეტი დასახლებული პუნქტის დაკავებას ცდილობენ. ამ ოპერაციის მიმდინარეობას ბოლო განცხადებაში, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და უკრაინის ამოცანაზე ისაუბრა.

კურსკში შეჭრის შემდეგ, უკვე შედგა ტყვეების გაცვლის პირველი შეთანხმება, რომლის შუამავალი არაბთა გაერთიანებული საამიროები იყო. ოფიციალური ინფორმაციით, ორივე მხრიდან ჯამში 115 სამხედრო პირი გათავისუფლდა. ამ ჰუმანური აქტის მიღმა უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება. უკრაინის შეიარაღებული ძალები ცდილობს, მაქსიმალურად დააზიანოს რუსული ტექნიკა უშუალოდ ფრონტის ხაზზე და დაარტყას სამხედრო ობიექტებს სიღრმეში. ბოლო დღეების განმავლობაში, დრონებით თუ რაკეტებით შეტევის სამიზნე არაერთი სამხედრო ბაზა, იარაღის საწყობი და ნავთობ ტერმინალი გახდა.

საპასუხო დარტყმებს ახორციელებს საოკუპაციო ძალაც. მათ ნაწილს უკრაინის საჰაერო თავდაცვა წარმატებით უმკლავდება. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოქმედების გარდა, დღეს, გავრცელდა უნიკალური კადრები, სადაც ჩანს რომ მი-8 ტიპის შვეულმფრენიდან უკრაინელმა სამხედრომ ტყვიამფრქვევით ოკუპანტების მიერ გაშვებული ირანული "შაჰედის" ტიპის კამიკაძე დრონი გაანადგურა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვა ვერ გაუმკლავდა ისკანდერის ტიპის რაკეტას, რომელიც კრამატორსკში სასტუმროს შენობას დაეცა. როგორც შემდგომ გაირკვა, აღნიშნულ სასტუმროში იმყოფებოდნენ მედიის წარმომადგენლებიც. "როიტერ-ის" ინფორმაციით, დაშავებულია მათი ორი რეპორტიორი, რომლებიც მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობენ. ერთ ჟურნალისტს შენობის ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ.

კვლავ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს აღმოსავლეთის და სამხრეთის ფრონტებზე. რუსეთის საოკუპაციო ჯარს წინსვლა აქვს, მათ შორის, პოკროვსკის და უგლედარის მიმართულებებზე. უკრაინის ამოცანა ახლა სწორედ ის არის, რომ კურსკში შეტევის ფონზე რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა აიძულოს აღმოსავლეთით და სამხრეთით ფრონტი შეასუსტოს და სამხედრო ძალები თავისი ტერიტორიის გასამაგრებლად გადაისროლოს.

გარდა ამისა, უკრაინის პირველი პირები ყოველდღიურად მოუწოდებენ დასავლელ პარტნიორებს, რომ მათ მიერ მიწოდებული შორ დისტანციაზე მოქმედი შეიარაღებით რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმის ნებართვა მისცენ. მათ შორის, იგულისხმება ATACAMS-ის ტიპის რაკეტები, რომლის მოქმედების არეალში ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, მინიმუმ 250 რუსული სამხედრო ობიექტია. თუ უკრაინა რუსეთის ლოჯისტიკურ ცენტრებსა და სამხედრო ინფრასტრუქტურას სიღრმეში დაარტყამს, ამით მოწინააღმდეგის შეტევითი შესაძლებლობების დასუსტების გარდა, თავდაცვის ხაზების უკან გადაწევასაც აიძულებს, რაც ანალიტიკოსების შეფასებით, ომის სცენარს მნიშვნელოვნად შეცვლის.

დღის ამბები