14 ოქტომბერი 2024,   03:17
ვრცლად
მთავრობა არასამთავრობოებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის - როგორია ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების შეფასება პრემიერის ინიციატივაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საგრანტო პროექტები ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად დაფინანსდება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, კორუფციასთან ბრძოლასა და ეთნიკური, თუ რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას მოხმარდება.

ირაკლი კობახიძემ ისიც აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცესი ზეწოლისა და შანტაჟის ფონზე მიმდინარეობდა, რადგან კონკრეტული უცხოელი დონორები ორგანიზაციებს დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრნენ. საგრანტო ფონდის დახმარებით კი, მთავრობის მეთაურის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმაზე მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე უცხოური დონორებისგან იღებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, პროტესტის ნიშნად, იუსტიციის სამინისტროს რეესტრში ამ დრომდე არ დარეგისტრირებულან, არც საგრანტო ფონდის დაარსების იდეას მიესალმებიან. ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ, ამ გზით, მთავრობა მათ მოსყიდვას ცდილობს.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეებს, უმრავლესობის ლიდერმა შეახსენა, რომ ბევრი გავლენიანი და ავტორიტეტული ორგანიზაცია, სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური მთავრობისგან ფინანსდება. მამუკა მდინარაძემ საკუთარი მოსაზრება სოციალურ ქსელში დაწერა.

არასამთავრობო ორგანიზაციების დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობად აფასებენ ოპოზიციაში მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას. ოპოზიციისთვის მიუღებელია ინიციატივა, რომლის მიხედვით მთავრობა, გრანტების მეშვეობით, არასამთავრობო ორგანიზაციებს დააფინანსებს.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამოქალაქო სექტორისთვის თანხების გამოყოფით, ხელისუფლება მესამე სექტორის გაძლიერებას ცდილობს - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. სახელისუფლებო პარტიის ლიდერები აღნიშნავენ, რომ, დაშინებისა და შანტაჟის ფონზე, არასამთავრობო ორგანიზაციებს ეროვნული ინტერესების გატარების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ისიც განმარტა, რომ პირველი საგრანტო პროექტები 2025 წლის იანვრიდან დაფინანსდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები