14 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
რატომ გაათავისუფლეს თანამდებობიდან ლაშა ბაქრაძე - თეა წულუკიანის განმარტება

კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, ლაშა ბაქრაძის გათავისუფლების შესახებ განმარტება გააკეთა. მისი განცხადებით, ლაშა ბაქრაძემ დისციპლინური წესით გათვალისწინებული არაერთი ნორმა დაარღვია.

"ბატონმა ლაშა ბაქრაძემ გააკეთა ისეთი განცხადება და ისეთი შეფასებები საკუთარ განცხადებაზე, რომელიც არის დისციპლინური წესით გათვალისწინებული არაერთი ნორმის დარღვევა; კერძოდ: ჩაითვალა, რომ მისი ეს განცხადება და ქცევები ხელყოფს მისივე, როგორც დიდი ტრადიციების მქონე მუზეუმის დირექტორის რეპუტაციას, საკუთრივ ამ ერთ-ერთი ყველაზე ძველი ინსტიტუციის რეპუტაციას და, ასევე, ეჭვქვეშ აყენებს სამინისტროს რეპუტაციასაც," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება კულტურის სამინისტრომ დღეს მიიღო. პროცესს წინ უძღოდა დისციპლინარული წარმოება, რომელიც ბაქრაძის სექსისტურ განცხადებას ეხებოდა.

3 სექტემბერს, სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა და, ამავდროულად, "ნაციონალური მოძრაობის" ახალმა სახემ, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე "ოცნების" ქალი დეპუტატების წინააღმდეგ დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა. კულტურის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ლაშა ბაქრაძემ, თავისი არაეთიკური განცხადებით, დისციპლინარული გადაცდომა ჩაიდინა, რამაც დაწესებულების დისკრედიტაცია გამოიწვია.

მან, 5 ოქტომბრის ჩათვლით, შვებულება მოითხოვა. შესაბამისად, ლაშა ბაქრაძე თანამდებობას ოფიციალურად 6 ოქტომბერს დატოვებს.

დღის ამბები