17 ნოემბერი 2024,   01:24
ვრცლად
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მარაკეშის ხელშეკრულების რატიფიკაციას მხარი დაუჭირა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „უსინათლო, მხედველობადაქვეითებული ან ბეჭდური ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობის სხვაგვარი შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწარმოებზე მისაწვდომობის გამარტივების შესახებ“ მარაკეშის ხელშეკრულება განიხილა და მხარი დაუჭირა.

საკითხზე მომხსენებლის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ირინე წაქაძის განმარტებით, ხელშეკრულება 2013 წელს არის მიღებული და დღემდე მას 90-ზე მეტი სახელმწიფო შეუერთდა.

"ეს ხელშეკრულება არის ძალიან კარგი სამართლებრივი მექანიზმი იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის აღსრულებას. კერძოდ, საუბარია ამ კონვენციის 30-ე მუხლზე, რომელიც აღიარებს შშმ პირთა თანაბარ მონაწილეობას კულტურულ ცხოვრებაში. ამ კონვენციის ყველა მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია ყველა ზომა მიიღოს იმისთვის, რომ ამ პირებს არ შეექმნათ ბარიერი კულტურის მასალებზე მისაწვდომობის თვალსაზრისით“, - განაცხადა ირინე წაქაძემ.

მისი თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტის არსი ის არის, რომ ხელშეკრულებში მონაწილე სახელმწიფოები პასუხისმგებელი იქნებიან გამოყონ უფლებამოსილი ორგანოები, რომლებიც ვალდებული იქნებიან მხატვრული და ლიტერატურული ნაწარმოებები დაამზადონ მხედველობა შეზღუდული პირებისთვის მისაწვდომ ფორმატში და უზრუნველყონ ამ პირებისთვის აღნიშნულ ნაწარმოებთა ხელმისაწვდომობა არაკომერციულ საფუძველზე.

„ხელშეკრულების რატიფიკაციის შედეგად, საქართველოს ექნება წვდომა მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე დამზადებულ დაახლოებით 800 000 ნაწარმოებზე და ასევე, საზღვარგარეთ მყოფ პირებს ექნებათ წვდომა საქართველოში დამზადებულ ნაწარმოებებზე. აღნიშნული ხელს უწყობს უსინათლო პირების უფლებების დაცვას, მათ განათლებას, ინფორმირებულობას, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას და კულტურის მასალებზე ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა ირინე წაქაძემ.

 მისი განცხადებით, დოკუმენტი მოიცავს ერთ დათქმას, რომლის თანახმადაც, თუ უსინათლოთათვის მისაწვდომ ფორმატში არსებული ნაწარმოები ადგილობრივ ბაზარზე არის კომერციულ ბრუნვაში ჩართული, მაშინ ის ეთიშება მარაკეშის ხელშეკრულებას და ავტორიზებული პირები აღარ იქნებიან უფლებამოსილი გამოიყენონ ნაწარმოები ბენეფიციარებისთვის გადასაცემად.

 როგორც სხდომაზე აღინიშნა, რატიფიცირებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები ქართულ კანონმდებლობაში უკვე განხორციელებულია.

დღის ამბები