მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უეფას „ევროპა ლიგის" III საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა „იბერია 1999-მა“ ჩრდილოეთ ირლანდიური „ლარნეს“ წინააღმდეგ გამართა. შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს. პირველი მატჩი „იბერია 1999-მა" „ლარნეს“ წინააღმდეგ სტუმრად ითამაშა, შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით „იბერია 1999-ის“ მომდევნო მეტოქე „ევროპა ლიგის" პლეი-ოფში პოლონურ „იაგელონიასა“ და შოტლანდიურ „რეინჯერსს“ შორის გამარჯვებული იქნება. „ევროპა ლიგის" პლეი-ოფში თამაშის გარდა, ქართულმა კლუბმა კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდა.
"მატჩს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროს, გენერალ-ლეიტენანტ ანზორ ჩუბინიძესთან, საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორ მუხრან შამათავასთან და საფეხბურთო კლუბ ,,იბერია 1999-ის” პრეზიდენტ ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად დაესწრო.
განმეორებით შეხვედრაში ანგარიში 74-ე წუთზე ვახო ბედოშვილის გოლით გაიხსნა, საპასუხო გოლი კი ჩრდილოეთ ირლანდიელმა ჯეიმს სიმპსონმა 76-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. დამატებით დროში კი 102-ე წუთზე ნიკა სიხარულიშვილის გოლით „იბერია 1999-მა" ერთბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, საბოლოო ანგარიში კი ქართველი ფეხბურთელების სასარგებლოდ 2:1 დაფიქსირდა," - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.