18 სექტემბერი 2024,   01:32
ვრცლად
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მოუსმინა - სხდომაზე, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა დეპუტატებს საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნო

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მოუსმინა - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა დეპუტატებს საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნო, შემდეგ კი პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

მოსმენას არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ დაესწრო. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატურა ორ სექტემბერს წარუდგინა.

"სასამართლოში ბევრი ადამიანი მიდის წლიდან წლამდე და სტრასბურგში სულ უფრო ნაკლები ადამიანი, აგვიხსენით რასთან გვაქვს საქმე?“ - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური.

"დაახლოებით 10-12 წლის წინ, სტრასბურგს დაახლოებით 3 000 საქმე ჰქონდა წარმოებაში ყოველ წელს, ახლა არის 165, შეიძლება ვცდებოდე, დაახლოებით ასეთი ინფორმაცია მაქვს. ყოველ წელს თქვენ სწორად ბრძანეთ რომ არის მზარდი რაოდენობა, ვფიქრობ, რომ ეს სასამართლოს ნდობაზე მეტყველებს,“ – უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.

"თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით როგორია, რომ სასამართლოში ისეთი საქმეები, რომლებიც არის რუტინული და რომელიც შეიძლება რომ სასამართლოში არ წავიდეს და სხვა ინსტიტუციამ მოაგვაროს, ეს ერთგვარად, მათ შორის აამაღლებდა მთლიანად მართლმსაჯულებას იმიტომ, რომ გადატვირთულობა ვიცით, რომ ერთ-ერთი გამოწვევა არის,“- საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი

"ჩემი აზრით, მე როგორც მივხვდი აქ მთავარი პრობლემა არის, რომ მხარეებს უმრავლეს შემთხვევაში არ სურთ, რომ ალტერნატიული საშუალებით მოგვარდეს ეს დავები. ჩვენ რომ პირდაპირ დავავალდებულოთ კანონის დონეზე, რომ ეს უნდა გავიდეს სასამართლოს ფარგლებს გარეთ - არ შეიძლება. ეს იქნება სასამართლოში მიმართვის უფლების შეზღუდვა,“ - უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.

დღის ამბები