13 ოქტომბერი 2024,   01:21
ვრცლად
პარლამენტმა დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონპროექტი, პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი განსაზღვრავს დნმ-ისმონაცემთა ბაზის შექმნისა და ფუნქციონირების საფუძვლებსა და პირობებს.

მომხსენებლის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, სავალდებულო იქნება ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით.

მისივე თქმით, დნმ-ის ბიოლოგიური ნიმუშის აღების უფლებამოსილება ექნებათ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, ხოლო დნმ-ის მონაცემთა ბაზის მართვას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს.

მომხსენებლის განმარტებით, ბიოლოგიური ნიმუში გენეტიკური პროფილის შექმნისთანავე განადგურდება. ასევე, კანონპროექტით განისაზღვრება გენეტიკური პროფილის შენახვის ვადები და ის დიფერენცირებული იქნება ბიოლოგიური ნიმუშის სავალდებულო პროფილირებას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის კატეგორიების მიხედვით.

"დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის მიზანს წარმოადგენს დანაშაულის პრევენცია, დროული რეაგირება დანაშაულზე, გამოძიება, ასევე დაკარგული პირების იდენტიფიცირება. საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება იგეგმება 2025 წლის 1 იანვრიდან. მანამდე არის გარკვეული გარდამავალი პერიოდი, პენიტენციურ დაწესებულებებს ექნებათ ორი წელი იმისათვის, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულ/მსჯავრდებულთაგან მოახდინონ მონაცემების აღება“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

დღის ამბები