13 ოქტომბერი 2024,   03:12
ვრცლად
დაღუპული ადამიანები და განადგურებული ინფრასტრუქტურა - ევროპის 7 ქვეყნის რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა

ცენტრალური ევროპა სტიქიური უბედურების ზონაა. შტორმმა 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 7 ქვეყნის რეგიონებში საგანგებო მდგომარეობაა. მაშველები და მეხანძრეები, ბუნებრივი კატასტროფის ზონიდან მოქალაქეების გადარჩენას ცდილობენ.

რთულია ვითარება ჩეხეთში სადაც წყალდიდობას სამი ადამიანი ემსხვერპლა. უგზო უკვლოდ დაკარგულ 8 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. წყლითაა დაფარული 20 ათასზე მეტი კერძო სახლი. მაშველები გასაბერი ნავებით ცდილობენ ჩაძირული სახლების სახურავებიდან მოსახლეობის გაყვანას. თუმცა ზოგიერთ რაიონში წყლის დინება იმდენად სწრაფია, რომ ნავებით გადაადგილება შეუძლებელია.

სტიქია მძვინვარებს რუმინეთშიც, სადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა. არიან დაკარგულებიც. ქალაქ გალათას შემოგარენში ათასობით მეურნეობა წყლის ქვეშ აღმოჩნდა.

ევროპის რიგ რეგიონებში ადრეული შეტყობინების სისტემამ ბუნებრივი კატასტროფის განსაზღვრა ვერ შეძლო, რის გამოც ათეულობით ათასი ადამიანის სტიქიის ზონიდან გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

"ბორისმა" პოლონეთში მასობრივი ნგრევა გამოიწვია. დაიღუპა ხუთი ადამიანი. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. რეჟიმი ოცდაათი დღის განმავლობაში იმოქმედებს.

გამოცემა "გარდიანი" წერს, რომ ევროპაში განვითარებული კლიმატური ცვლილებების გამო მეცნიერები ქვეყნების მთავრობებს ადრეული შეტყობინების ეფექტური სისტემების დანერგვის, მდგრადი ინფრასტრუქტურის და დაზარალებულების მხარდაჭერის ოპტიმალური სქემების დანერგვისკენ მოუწოდებენ.

კლიმატური ცვლილებით გამოწვეულმა ბუნებრივმა კატასტროფამ, ერთი კვირის განმავლობაში უნგრეთს, გერმანიას, სლოვაკეთს, რუმინეთს, პოლონეთს, ავსტრიას და ჩეხეთს უდიდესი ზარალი მიაყენა. განადგურებულია ასეულობით ათასი საცხოვრებელი სახლი. წყალდიდობის გამო ცენტრალური ევროპის სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე უმსხვილესი ქარხანა დაიხურა. წყლის ქვეშ აღმოჩნდა საქალაქთაშორისო მაგისტრალები დანგრეულია ხიდები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე.

დღის ამბები