18 სექტემბერი 2024,   06:23
ვრცლად
"სენატში მოსმენა კიდევ ერთი დასტურია, რომ აშშ დგას ქართველი ხალხის გვერდით" - ოპოზიციაში ეკა გიგაურის სენატში გამოსვლა შეაფასეს

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის გამოსვლა ოპოზიციაშიც შეაფასეს. უმრავლესობის წევრების განცხადებით კი, მოხსენება რადიკალური ოპოზიციის ინტერესს ემსახურებოდა, ოპოზიცია კი გიგაურის განცხადებებს სრულად იზიარებს.

"მოსმენა, თავისთავად მნიშვნელოვანი გზავნილია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. რაც ამ მოსმენაზე ითქვა, საყურადღებოა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ არჩევანის ჩამოყალიბებაში, რაც საქართველოს ელოდება 26 ოქტომბერს. სენატში მოსმენა კიდევ ერთი დასტურია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დგას ქართველი ხალხის გვერდით," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

"საქართველოსთვის" წევრი, ანა ბუჩუკური კი აცხადებს, რომ ამ თემაში მნიშვნელოვანია არა მოხსენება, არამედ ისა, რომ აშშ საქართველოსთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას არ აპირებს.

"კი, გიგაური არის მხარე, წარმოადგენს კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას. მოხსენებაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არის ის, რომ სენატი და არცერთი სხვა უწყება არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებით, რომელიც, პირველ რიგში, დააზიანებს ქართველ ხალხს და დააზიანებს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს," - აცხადებს ანა ბუჩუკური.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს საკითხზე და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონზე, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა ისაუბრა.

ამავე თემაზე: ეკა გიგაურის სენატში გამოსვლა იყო ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა, წესიერი ინგლისურიც კი არ სცოდნია - ირაკლი კობახიძე

დღის ამბები