18 სექტემბერი 2024,   06:28
ვრცლად
26 ოქტომბერს ქართველი ხალხის გამარჯვების შემდეგ, ბუნებრივია, ჩვენ ამ ფულს, 14 მილიარდს მოვიზიდავთ - ზურაბ ჭიაბერაშვილი

მმართველი გუნდი "ნაციონალურ მოძრაობას" ტყულში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტია უკვე მეორე დღეა ვერ ასახელებს ფონდს ან წყაროს, საიდან მიიღებს ქვეყანა 14 მილიარდ ევროს.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, "ნაციონალური მოძრაობა" მოქალაქეებს არწმუნებს, რომ ევროკავშირისგან იმ 14 მილიარდ ევროს მოიზიდავს, რომელიც რეალურად ათამდე აპლიკანტი ქვეყნის ეკონომიკის ექვსწლიანი სტიმულირებისთვის არის განკუთვნილი.

კონკრეტულად რას ეყრდნობა მათი წინასაარჩევნო დაპირება, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საზოგადოებას ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდიდან მხოლოდ ერთ ფონდზე საუბრობენ, მაშინ, როცა ევროკავშირში უამრავი სხვადასხვა ფონდია.

"ისინი საუბრობენ მხოლოდ ერთ ფონდზე, მაშინ როდესაც ევროკავშირში მრავალი ფონდია, რომელიც გაიხსნება საქართველოსთვის, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის გამარჯვების შემდეგ, ბუნებრივია, ჩვენ ამ ფულს, 14 მილიარდს მოვიზიდავთ.

ჩვენ ძალიან კონკრეტულად გვაქვს დათვლილი რას უნდა მოხმარდეს ეს ფული, დასხდნენ ჩვენთან დებატებში და ისინი კონკრეტულად მოისმენენ ყველაფერს, საიდან არის ეს ფული და როგორ", - აცხადებს ჭიაბერაშვილი. 

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი, პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ დაპირება რეალურია.

"ჩვენი დაპირება არის რეალური, გამარჯვების შემდეგ ჩვენ მოვიტანთ 14 მილიარდს ანუ საქართველოს წვდომა ექნება ამ ფულზე. ეს არის რეალური თანხა. 14 მილიარდი არის გაწევრიანებამდე პროცესისთვის," - აცხადებს მანჯგალაძე. 

დღის ამბები