19 სექტემბერი 2024,   22:17
ვრცლად
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გოგი ცაბაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში გაიმართა გიორგი ცაბაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალაკონცერტი.

"საღამოს საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დამფუძნებელი და ქართული კულტურის დიდი მოამაგე ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია, ცნობილი ხელოვანები, გოგი ცაბაძის ოჯახის წევრები, კოლეგები, მეგობრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გალაკონცერტის თემა იყო "გიორგი ცაბაძე თეატრსა და კინოში" და მასში მონაწილეობდა თეატრისა და კინოს ყველასათვის საყვარელი არაერთი წარმომადგენელი. საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრისა და დავით მაზანაშვილის ბენდის თანხლებით საკონცერტო დარბაზის სცენაზე გაჟღერდა კომპოზიციები და გაცოცხლდა სცენები ცნობილი მიუზიკლებიდან, კინოსა თუ სპექტაკლებიდან. სტუმრებმა ასევე მოისმინეს უცნობი ამბები კომპოზიტორის ცხოვრებიდან", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: მურმან ჯინორია, რეზო ჩხიკვიშვილი, ნანული სარაჯიშვილი, ალექსანდრე ბეგალიშვილი, ეკა მამალაძე, მაია ჯაბუა, თამარ გვერდწითელი, ნეკა სებისკვერაძე, აჩიკო სოლოღაშვილი, აჩიკო გოგიტიძე, ოთარ ჯორჯიკია, მარიკო ებრალიძე, ნუცა ბუზალაძე, სოფო ხალვაში; "დუეტი ჯორჯია"; "ალილო"; "თეატრალური კვარტეტი"; "ფორტე"; "გორის ქალთა გუნდი"; "მურო გაგოშიძის ცეკვის ლაბორატორია".
ღონისძიების სამხატვრო ხელმძღვანელი დავით მაზანაშვილი, ხოლო სცენარის ავტორი და საღამოს წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე გახლდათ.

როგორც ცნობილია, 24 აგვისტოს კომპოზიტორის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა. საიუბილეო წელთან დაკავშირებით შეიქმნა ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და თბილისში - გალაკონცერტები გაიმართა. ღონისძიებებში მონაწილეობდა არაერთი ცნობილი მომღერალი და მსახიობი, კონცერტები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული იყო, როგორც რეპერტუარით, ასევე მონაწილეებით, საღამოები დატვირთული იყო ახლებური ვერსიების პრემიერებითა და თეატრალური დადგმებით.

პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია.

დღის ამბები