თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა, რომელსაც ბრალდებულიც ესწრებოდა.
დღეს პროცესზე პროკურატურის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. დისტანციურად გამოიკითხა მსჯავრდადებული რომეო მიქაუტაძე.
დაცვის მხარე კი მიქაუტაძეს კითხვებს ორშაბათს დაუსვამს.
საქმის პროკურორის განცხადებით, რომეო მიქაუტაძემ, დღეს სასამართლოს წინაშე პირდაპირ მიუთითა იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რაც ბრალდების შესახებ დადგენილებაში არის ასახული
"დღეს სასამართლოს წინაშე დაიკითხა კიდევ ერთი მოწმე რომეო მიქაუტაძე, ეს გაჟღერებული მოცემულობაა, რომ სწორედ რომეო მიქაუტაძის მეშვეობით კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა აიღო ქრთამი - ეს ეპიზოდები საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. დღეს რა ინფორმაციაც დააფიქსირა მოწმემ სასამართლოს წინაშე, პირდაპირ მიუთითა იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რაც ბრალდების შესახებ დადგენილებაში არის ასახული, ასევე თანხვედრაში არის სხვა ინფორმაციასთან, რაც სისხლის სამართლის საქმეშია. ვფიქრობ, სასამართლო აუცილებლად გაიზიარებს ამ ჩვენებას და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, გამამტყუნებელი განაჩენის სახით,"- აცხადებს საქმის პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი.
გრიგოლ ლილუაშვილს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.