14 ოქტომბერი 2024,   04:09
ვრცლად
ელექტრონული მოწყობილობების აფეთქებების მეორე ტალღა ლიბანში - "ჰეზბოლას" მებრძოლებს პეიჯერები და პორტატული გადამცემები ხელში უფეთქდებათ

ლიბანი შეშინებულია - არავინ იცის ენდოს თუ არა საკუთარ ელექტრონულ მოწყობილობას, რადგან მეორე დღეა “ჰეზბოლას” მებრძოლებს პეიჯერები და პორტატული გადამცემები ხელში უფეთქდებათ. ახლა ტელეფონებთან და ლეპტოპებთან ახლოს ჯდომას ვეღარავინ ბედავს, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც "ჰეზბოლასთან" აქვთ კავშირი. მოქალაქეებმა არ იციან რას ელოდონ.

აფეთქებების მეორე ტალღიდან უფრო მეტი ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ უფეთქდებათ ხელში პეიჯერები და გადამცემები მათ მფლობელებს სახლში თუ გარეთ. ისრაელს პასუხისმგებლობა ამ მომენტამდე არ აუღია, თუმცა ფართოდ განიხილება, რომ ამ უპრეცედენტო სპეცოპერაციის უკან სწორედ თელ-ავივი დგას.

კითხვაზე ემზადება თუ არა ნეთანიაჰუ “ჰეზბოლასთან” სამხედრო ოპერაციისთვის, მის სპიკერს მკაფიო პასუხი არ გაუცია. თუმცა, რამდენიმე დღის წინ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ომის ახალი ფაზა დააანონსა.

თავად "ჰეზბოლას" ლიდერი დღის ბოლოს გამოჩნდა და მომხდარს ომის გამოცხადება უწოდა. მკაცრი შეფასებები არ დაინანა, თუმცა პასუხი არ უჩქარია, რამაც ლიბანელების ნაწილში იმედგაცრუება გამოიწვია.

ისრაელსა და ლიბანის საზღვარზე ცეცხლი დღესაც გაცვალეს. “ჰეზბოლასგან” მორიგ ჯერზე ნასროლ რაკეტების პასუხად, ცახალმა მეზობელი ქვეყნის სამხრეთით საჰაერო იერიში მიიტანა. ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა დღეს საზოგადოებას აცნობა, რომ ბოლო მიკრო აფეთქებებს კიდევ რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. სპეცოპერაციის შედეგად ჯამში 37 ადამიანია დაღუპული.

ღაზაში მიმდინარე უმძიმესი ომის ფონზე, ახლო აღმოსავლეთში ვითარება მუდმივად დაძაბულია. ბოლო განვითარებებმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ ანიშნა, რომ საფრთხე არსად წასულა და მეორე ფრონტი შესაძლოა ერთ მომენტში დადგეს.

ლიბანში საეჭვო მოწყობილობების ამოღებისა და განეიტრალების სპეცოპერაცია გრძელდება. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მოსადმა კონკრეტული მარკის იაპონურ ელექტრონულ მოწყობილობებში დეტონატორები ჩაამონტაჟა, იაპონურმა “აიკომმა” გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები