16 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
დღეს სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი ადამიანია! - ბიძინა ივანიშვილი

დღეს სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი ადამიანია! - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე რუსთავში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მოგესალმებით რუსთავის, ბოლნისის, დმანისის, მარნეულის, გარდაბნის, წალკისა და თეთრიწყაროს მოსახლეობას!

მივესალმები უძველესი და უნიკალური ისტორიის მქონე მხარეს, რომელიც გამორჩეულია ისტორიული ძეგლებით, ულამაზესი ბუნებით და რაც მთავარია, გასაოცარი ხალხით! მივესალმები პირველი ევროპელების მხარეს, სადაც თითქმის 2 მილიონი წლის წინ დაირწა ცივილიზაციის აკვანი. მივესალმები მხარეს, რომელიც ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს - ბოლნისის სიონს და ქართული დამწერლობის უძველეს ნიმუშებს გვინახავს. მივესალმები მხარეს, სადაც მევენახეობის უძველესი ნაკვალევია აღმოჩენილი, რაც ადასტურებს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა! მივესალმები სტუმართმოყვარეობითა და ტოლერანტობით განთქმულ კუთხეს, სადაც ქართველებთან ერთად, აზერბაიჯანელებმა, სომხებმა, ბერძნებმა, გერმანელებმა და სხვა ეროვნების ხალხმა, ჯერ თავშესაფარი, შემდეგ კი სახლი და სამშობლო იპოვეს.

როგორც პოლიტიკოსი, პირველად, 2012 წელს შეგხვდით და ჩვენი ქვეყნისთვის იმ შავ-ბნელ პერიოდში დაგპირდით, რომ ერთად დგომით, აუცილებლად დავამარცხებდით „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს, რეჟიმს, რომელსაც სახელმწიფო ჰქონდა მიტაცებული და ტერორსა და შიშში ამყოფებდა მოსახლეობას.

1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ერთად შევძელით, ჩვენი ქვეყანა განვითარების სწორ რელსებზე დაგვეყენებინა. შედეგად, თქვენთან ერთად, საფუძველი ჩავუყარეთ დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული ქვეყნის მშენებლობას. გავაჯანსაღეთ სასამართლო და პროკურატურა, მედია დამოუკიდებელია, ბიზნესი ხელშეუხებელი. შესაბამისად, ხალხი თავისუფლად სუნთქავს და აღარავის აქვს პოლიტიკური დევნის შიში.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქვემო ქართლში მოვაწესრიგეთ და განვავითარეთ ინფრასტრუქტურა. მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული სახელმწიფო პროგრამებით, ავაღორძინეთ წინა ხელისუფლების დროს დაკნინებული სოფლის მეურნეობა, ჩვენს გლეხებსა და ფერმერებს მანამდე დაკეტილი ბაზრებისკენ გავუხსენით გზა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების გზაზე, რა მიმართულებითაც არაერთი ინვესტიცია სწორედ ქვემო ქართლში განხორციელდა.

სამუდამოდ ჩავაბარეთ წარსულს დრო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად აღიქვამდა და ისინი მხოლოდ არჩევნებზე ახსენდებოდა. დღეს სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი ადამიანია! საქართველოს თითოეული მოქალაქე, მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, თანასწორია და სრულად სარგებლობს ყველა იმ პრივილეგიით, რასაც სახელმწიფო მოქალაქეებს სთავაზობს.
2012 წელს, ერთ დროს წელგამართულ, მშრომელი ხალხით დასახლებულ რუსთავში უმუშევრობა, სიღატაკე და უკიდურესი გაჭირვება სუფევდა. მაშინ რუსთაველებს დაგპირდით, რომ დაგიბრუნებდით ღირსებას, მაქსიმალურად ავითვისებდით ამ ქალაქის ინდუსტრიულ პოტენციალს და ყველაფერს გავაკეთებდით იმისთვის, რომ სრული დატვირთვით ამუშავებულიყო რუსთავში მდებარე ქარხნები და საწარმოები. მოხარული ვარ, რომ ეს პირობაც შევასრულეთ და ამ მიმართულებით მომავალშიც ძალიან ბევრი რამ გაკეთდება.

რუსთაველები იმაშიც დაგვემოწმებიან, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თუნდაც მცირე ძალაუფლების ხელში ჩაგდება საბოტაჟს და ხალხისთვის გარდაუვალ ზიანს ნიშნავს. დღეს ქალაქს ჰყავს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, პროფესიონალი მერი, გასაოცარი ახალგაზრდა ქალი ნინო ლაცაბიძე, რომელიც 24 საათის განმავლობაში რუსთავისა და რუსთაველების ინტერესზე ზრუნავს. ამის საპირწონედ, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რუსთავის საკრებულოში თანამდებობებისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამართეს. მეტიც, ისინი მუდმივ საბოტაჟს უწყობენ რუსთავის მოსახლეობას და ქალაქისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პროექტების განხორციელებას აფერხებენ. ეს მაგალითი ძალიან კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდეს.

როგორც წარსულში, დღესაც, რადიკალური ოპოზიცია არა ქვეყნისა და ხალხის ინტერესების, არამედ გარედან მიღებული დავალებების შესაბამისად მოქმედებს. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც არ შეიძლება ძალაუფლებასთან ამ ხალხის გაკარება, სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ 26 ოქტომბერს არჩევანს ვაკეთებთ არა კარგსა და უკეთესს, არამედ ომსა და მშვიდობას, გარე ძალების აგენტებსა და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელ „ქართულ ოცნებას“ შორის. ჩვენ უცხო ძალებს არ მივცემთ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის უფლებას, რადგან 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა აირჩევს არა უცხოურ აგენტურას, არამედ ეროვნული პოლიტიკის გამტარებელ პოლიტიკურ ძალას - „ქართულ ოცნებას“!

კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ მოქმედებს, არათუ ხელისუფლებას აღარ უნდა გავაკაროთ, არამედ უნდა დადგეს მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და უმკაცრესად გასამართლების საკითხი. ამ უსამშობლო ადამიანებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ არა მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების წამებასა და მკვლელობაზე, ბიზნესის რეკეტზე, ქვეყანაში გამეფებულ კორუფციაზე და იმ ავტორიტარიზმზე, რომელშიც წლების განმავლობაში გვაცხოვრეს, არამედ, პირველ რიგში, უმძიმეს დანაშაულზე - დანაშაულზე, რომელსაც საქართველო მათ არასოდეს აპატიებს. სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ პასუხისმგებელი იმ უმძიმეს ტრაგედიაზე, რომელიც 2008 წელს დატრიალდა. გარე დავალების შესასრულებლად, მათ წამოიწყეს ომი, რომელიც 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლის, 30 ათასი ადამიანის დევნილობისა და დაკარგული ტერიტორიების ფასად დაგვიჯდა!

26 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლით და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, თქვენ იღებთ გარანტიას, რომ საქართველოს ომში ჩართვას ვეღარავინ შეძლებს, ხოლო ომის დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან. დიახ, სწორედ „ქართული ოცნებაა“ ამის გარანტი, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე, წარმოუდგენელი ძალისხმევის ფასად, ქვეყანას 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა! მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით დღესაც უამრავი რისკი და გამოწვევა არსებობს, პირობას გაძლევთ, რომ პირადად მე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, საქართველოში ომს და ბომბების წვიმას არაფრის ფასად არ დავუშვებთ!

მშვიდობა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ გლობალური ცვლილებების გათვალისწინებით, რაც ჩვენს გარშემო და ზოგადად, მსოფლიოში ხდება, ვფიქრობთ, ახლოვდება დრო, როდესაც დიდი ხნის ნატვრას ავიხდენთ და მშვიდობიანი გზით გამთლიანებულ საქართველოს ვიხილავთ! ამისათვის ნებისმიერ მომენტში უნდა ვიყოთ მზად. შესაბამისად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ამ კუთხითაც ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება. ვერავინ უნდა შეძლოს, წინ აღუდგეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა განხორციელება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისას გახდება აუცილებელი!

როდესაც ქალაქ გორში, ჩემს გამოსვლაში შერიგებისა და ურთიერთპატიების მნიშვნელობაზე ვისაუბრე, კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ შერიგებას ღალატი, ხოლო შენდობას მტრობა დაარქვა. ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს ქართველ ხალხს, რომ გარდა ომისა და ნგრევისა, გარდა ეთნიკური შუღლის გაღვივებისა, მათთვის სხვა გზა და მიზანი არ არსებობს! ჩვენი ქვეყნის მტრებს ყველაზე მეტად სწორედ მათი სიტყვა და ქმედება ააშკარავებს. უკვე ორ თვეზე მეტია გადაჭრით ვამბობთ, რომ 2008 წლის ომი, გარე დაკვეთით, სწორედ ნაციონალებმა დაიწყეს, თუმცა, არცერთ მათგანს მცდელობაც კი არ ჰქონია, თავი ემართლებინა. გასაგებია, რომ ნაცმოძრაობის მიერ ომის გაჩაღების მტკიცებულებები ხელის გულზე დევს, გასაგებია, რომ ცნობილ რეზოლუციაზე ხმის მიცემით, შემდეგ კი ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით, მათ საომარი მოქმედებების დაწყება ისედაც აღიარებული აქვთ, მაგრამ, ალბათ, მსგავს თვითლუსტრაციას მაინც არავინ ელოდა. ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საკითხი სწორედ ის საკვანძო თემაა, რომელმაც მთელი აგენტურა გავეშებული გამოდევნა უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული ბუნაგებიდან. მათი რეაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დავალებული ჰქონდათ და აქვთ ერთადერთი რამ - საქართველო იყოს მუდმივი კონფლიქტისა და დაპირისპირების რეჟიმში. სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მზადება, პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გადის. „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პირობებში, რადიკალურ ოპოზიციას ყველანაირი რესურსი გამოეცლება, საქართველოს გამთლიანებას ხელოვნური ბარიერი შეუქმნას და ქვეყანა მუდმივ კონფრონტაციაში ამყოფოს.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომელთა გადასაჭრელადაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება გვჭირდება. „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ ჩვენი ხალხისთვის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის თავს მოხვევის, ჩვენი ღირებულებების, კულტურისა და ისტორიის შეურაცხყოფისა და დაკნინების ყველა ძალადობრივ მცდელობას! გარდა ამისა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს მართლმადიდებელი ეკლესიის, როგორც სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის, კონსტიტუციური სტატუსის განსამტკიცებლად. მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ ამით საქართველოში მოქმედ რომელიმე რელიგიას იოტისოდენა ჩრდილი მაინც მიადგება! მეტიც, გავაძლიერებთ ძალისხმევას, რათა კიდევ უფრო გავუფრთხილდეთ ჩვენი განსხვავებული რელიგიის მქონე, მაგრამ სამშობლოს სიყვარულით გაერთიანებული ხალხების თანაცხოვრებას. სწორედ ჩვენი მრავალფეროვნებითა და ტოლერანტობით ვართ ის ხალხი და ქვეყანა, რასაც წარმოვადგენთ, რითაც მთელი მსოფლიო გვიცნობს. ტოლერანტობის ეს საამაყო, უნიკალური, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია კვლავაც გაგრძელდება - ჩვენს სამშობლოში სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები ისევ ჰარმონიულად განაგრძობენ თანაცხოვრებას და საქართველოს, ჩვენი და ჩვენი შვილების უკეთეს ხვალინდელ დღეზე ზრუნვას!

26 ოქტომბერს ბოროტებაზე გაიმარჯვებს სიკეთე, აგენტურაზე გაიმარჯვებს საქართველოს დამოუკიდებლობა, ფსევდოლიბერალურ პროპაგანდაზე გაიმარჯვებს ტრადიციული ფასეულობები. 26 ოქტომბერს ომზე გაიმარჯვებს მშვიდობა. ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი!" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დღის ამბები