30 დეკემბერი 2024,   20:32
ვრცლად
საბედნიეროდ, მმართველმა გუნდმა, თქვენთან ერთად შეძლო, არნახული, უსამართლო თავდასხმების მიუხედავად, დაეცვა ქვეყნისა და საკუთარი მოქალაქეების სასიცოცხლო და ეროვნული ინტერესები - კახა კალაძე

კარგად იცით, რა ძალისხმევა გასწია საქართველოს ხელისუფლებამ საიმისოდ, რათა დაცული ყოფილიყო ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და გარე ძალებისგან წახალისებულ შინაურ მტერს ვერ განეხორციელებია ის გეგმები, რასაც ბოლო წლებია გულდასმით ამზადებენ - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, რუსთავში განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, საბედნიეროდ, მმართველმა გუნდმა, თქვენთან ერთად, შეძლო, არნახული, უსამართლო თავდასხმების მიუხედავად, დაეცვა ქვეყნისა და საკუთარი  მოქალაქეების სასიცოცხლო და ეროვნული ინტერესები.

"მოგესალმებით, მეგობრებო!

მივესალმები რუსთავს, ბოლნისს, გარდაბანს, დმანისს, მარნეულს, წალკას, თეთრიწყაროს!!!

ეს მხარე უდიდეს წარსულს ინახავს და სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს.

მრავალფეროვნება, მრავალეთნიკურობა საქართველოს სიმდიდრეა.  საუკუნეებია ჩვენ ერთად ვუმკლავდებით ყველა სიძნელეს, რადგან საერთო სამშობლო გვაქვს და საერთო პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის წინაშე.

მწამს და მჯერა, ის დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს დგას საქართველო, ისევ და ისევ საერთო ძალისხმევით დაიძლევა, გადაილახება ყველა ბარიერი.

მეგობრებო, ჩვენ მშვიდობიან, მშრომელ ხალხს დღეს ყველაზე მეტად რაც უნდა, ეს არის მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება და სტაბილურობა.

თქვენ კარგად იცით, რა ძალისხმევა გასწია საქართველოს ხელისუფლებამ საიმისოდ, რათა დაცული ყოფილიყო ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და გარე ძალებისგან წახალისებულ შინაურ მტერს ვერ განეხორციელებია ის გეგმები, რასაც ბოლო წლებია გულდასმით ამზადებენ.  

გახსოვთ, რა ხდებოდა წინა საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში, როგორი მცდელობა ჰქონდათ, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელით გაეყალბებინათ ხმების პარალელური დათვლის შედეგები, რასაც მოჰყვა ოპოზიციის რამდენიმეთვიანი საბოტაჟი. მიზანი, რა თქმა უნდა, იყო არეულობის მცდელობა, რევოლუცია, დაპირისპირება და სისხლისღვრა ქვეყანაში.

შემდეგ ვიხილეთ განუბაჟებელ ტვირთად შემოტანილი მიხეილ სააკაშვილის სცენარი, რაც მათთვის, ასევე, კრახით დასრულდა.

უკრაინაში ომის დაწყების ფონზე, გვახსოვს წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა ქვეყანაზე, რათა ჩავრთულიყავით ომში და შევერთებოდით სანქციებს.

მაშინვე გააქტიურდნენ რადიკალური ოპოზიცია და უცხო ძალებისგან მართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ მოითხოვდნენ ბომბებს თბილისის თავზე. ძალიან მძიმე სანახავი იყო, როდესაც დედაქალაქის საახალწლო მორთულობასაც კი შავი ლენტები შეაბეს და სიტყვა “მშვიდობა” აქციეს დაცინვის საგნად.

საბედნიეროდ, მმართველმა გუნდმა, თქვენთან ერთად, შეძლო, არნახული, უსამართლო თავდასხმების მიუხედავად, დაეცვა ქვეყნისა და საკუთარი  მოქალაქეების სასიცოცხლო და ეროვნული ინტერესები.

აქვე მინდა დაგარწმუნოთ: ჩვენ ყოველთვის ვიდგებით იქ, სადაც ჭირდება ამ ქვეყანას, სადაც ჭირდება საქართველოს მომავალს, ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს! ჩემო მეგობრებო, რაც არ უნდა შემოტევები იყოს, რაც არ უნდა მუქარები იყოს სანქციებთან დაკავშირებით, ჩვენ ვერავინ შეგვაშინებს, იმიტომ რომ ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს.  ჩვენ გვყავს საუკეთესო მაგალითი თავდადებისა, თუ როგორ უნდა შეინარჩუნო შენი პრინციპები, გაატარო შენი ქვეყნის ინტერესები -  ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. მეამაყება, რომ  ვარ იმ გუნდის წევრი, რომლის დამფუძნებელი გახლავთ ეს ადამიანი.

თქვენ გახსოვთ, რომ გარკვეული დროის შემდეგ გამოგვიცხადეს, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, რაც იყო სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

ამ გადაწყვეტილების ფონზე, ვნახეთ პოლარიზაციის გაღვივებისა და რევოლუციური სცენარის ამოქმედების მცდელობები. საზოგადოების მხარდაჭერით, “ქართულმა ოცნებამ” ეს გამოწვევაც წარმატებით დაძლია და ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი.

დღეს კი გვეუბნებიან, რომ თურმე გამჭვირვალობა ანტიდემოკრატიულია, რომ გამჭვირვალობა აფერხებს ქვეყნის სვლას ევროინტეგრაციისკენ. კანონი “გამჭვირვალობის შესახებ” შერაცხეს “რუსულ კანონად” . ეს არის იმ ბინძური კამპანიის ნაწილი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია მიდის საქართველოს წინააღმდეგ. აქ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ არ მივიღეთ გადაწყვეტილება მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ეს არის სრული სიმართლე. ასევე, ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს, რადგან ამ ნაბიჯებით ჩვენ დავაზიანებდით მხოლოდ და მხოლოდ  საკუთარ ქვეყანას და ხალხს.  ჩვენი უმთავრესი ინტერესი კი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება და წინსვლა.

მეგობრებო, ჩვენი კი ყველა ამ უსამართლობას უნდა დავუპირისპიროთ 2024 წლის არჩევნებზე ჩვენი მისვლა და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, რადგან „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ძალა ქვეყანაში, ვისაც შეუძლია, შეინარჩუნოს მშვიდობა და მოახდინოს ქვეყნის გაძლიერება, განვითარება და ტერიტორიული მთლიანობა, რაც ყველა  ღირსეული ქართველის ერთ-ერთი უმთავრესი  ოცნებაა.

მეგობრებო, არჩევანი დღეს მხოლოდ ერთია- მშვიდობა და კეთილდღეობა! მხოლოდ ასე შევძლებთ გავამთლიანოთ და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა და გადავდგათ რეალური ნაბიჯები  ევროკავშირის მიმართულებით.

ჩვენ ამ ბრძოლას ერთად მოვიგებთ! გაიმარჟვებს ჩვენი ქვეყანა და ამ ქვეყნის მომავალი!

გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს „ქართულ ოცნებას!“

ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი!" - აცხადებს კახა კალაძე. 

დღის ამბები